„პოზიციები იგივეა, რასაც საჯაროდ აფიქსირებენ" — ბიზნესმენების კობახიძესთან შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის ირაკლი კობახიძესთან 4-საათიანი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ სამშენებლო კომპანია „არსის” დირექტორმა, ბესო ორთოიძემ თქვა, რომ კობახიძის პოზიციები ისეთია, რასაც „ქართული ოცნება” საჯაროდ გამოხატავს.

„რამე განსხვავება არ ყოფილა, უბრალოდ უფრო მეტ დეტალზე იყო საუბარი. ბიზნესის ნაწილს დაყენებული აქვს ხელახალი არჩევნების და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და იყო ამაზეც საუბარი”. – თქვა ორთოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„თბილვინოს” ხელმძღვანელმა, გაგა (გიორგი) მარგველაშვილმა თქვა, რომ შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივა, გაგრძელდეს მსგავსი შეხვედრები იმ ჯგუფებთან, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი.

„პასუხები იყო. საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ყველაფერს ნამდვილად ვერ გავიმეორებ. ჩვენს სულისკვეთებას ბევრი ბიზნესმენი ნამდვილად არ იზიარებდა, თუმცა, იყვნენ ისინიც, ვინც გამოხატავდა კრიტიკულ აზრებს, მათ შორის, დაკავებულებზე, არაპროპორციულ ძალაზე, როგორ ეპყრობოდნენ პატიმრებს. გამოითქვა ინიციატივა, გაგრძელდეს მსგავსი შეხვედრები იმ ჯგუფებთან, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი”. – თქვა მარგველაშვილმა.

როგორც „არსი”, ისე „თბილვინო” არიან „თავისუფალი ბიზნესის” განცხადების ხელმომწერები, რომლითაც მოთხოვნილია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება. თავიანთი მოთხოვნების შესახებ უფრო მაკფიო განცხადებები მათ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთეს.

კობახიძესთან შეხვედრაზე იყო ციფრული ბანკის, „ჰეშ ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი. მისი თქმით, ილაპარაკეს მწვავე საკითხებზე. თუმცა, პაპაშვილმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

„იქ ვთქვი და გავიმეორებ, რომ პატრიარქი მოგვიწოდებს, რომ ეშმაკი ყოფს და უფალი აერთებს, ესა მაქვს სათქმელი. ერთად ყოფნა და ერთობა არის ჩვენი გადარჩენა. ბიზნესმა და პრემიერმა, მათ შორის კრიტიკულმა ბიზნესმა, რომლებიც იქ მრავლად ისხდნენ და ეს არის მთავრობის დამსახურება, იქვე დააფიქსირეს თავიანთი ოპოზიციური აზრი. ვისაუბრეთ მწვავე საკითხებზე.

ყველაფერზე ვისაუბრეთ. მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ საახალწლოდ დაუბრუნდნენ ისინი თავიანთ, თუ ძალიან რაღაც კრიტიკული არ არის და ესეც საჩვენებელია ხალხისთვის და ამაზე დაგვპირდნენ, რომ აჩვენებენ. რა დანაშაულია კონკრეტული, იმიტომ რომ ვიდეო ჩანაწერები არსებობსო, როგორი დანაშაულია რომ დაინახოს საზოგადოებამ. თუ ვინმეს არ გაუშვებენ, ყველასთვის მისაღები მიზეზით უნდა დარჩეს ციხეში“. – თქვა ლაშა პაპაშვილმა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. გულწრფელად გეუბნებით, პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამ ტიპის შეხვედრები ბიზნესთან და სხვებთანაც გაგრძელდება. ნამდვილად გეუბნებით, რომ აუცილებელი და საინტერესო შეხვედრა იყო”. – თქვა TAV Georgia-ს ხელმძღვანელმა, თეა ზაქარაძემ, რომელმაც შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ სტაბილურობისთვის საჭიროა ახალი არჩევნები, ის უნდა დაინიშნოს.

ენერგოეფექტური ბლოკების მწარმოებელი ქარხნის, „იტონგ კავკასუსის” გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ადამიამ თქვა, რომ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, ამიტომ არჩევნებზე ლაპარაკი ზედმეტია.

„არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად”. – თქვა ადამიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ „ყველა კითხვას პასუხი გაეცა, რაც ქართულ ბიზნესს აწუხებს”.

„საუბარი იყო პერსპექტივასა და მომავლის ხედვაზე, მათ შორის, ხელისუფლების კურსზე. სამწუხაროდ, მიუხედავად ბევრი განმარტებისა და ხშირი კომუნიკაციისა, ხდება აპელირება მათ შორის, ოპოზიციის ძალების თუ საზოაგდოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების. პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი დაპირებების, რომელიც საარჩევნოდ ხალხს მივეცით, რომ ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული და ჩვენ მივაღწევთ იმ შედეგებს, რასაც ვგეგმავთ.

შევეხეთ უკიდურეს პოლარიზაციას რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ გამოწვევებს, რომელიც სტაბილურობასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში არის. რა თქმა უნდა, ბიზნესს და საზოგადოების ყველა ჯგუფს სურს სიმშვიდე”.

ლევან დავითაშვილმაც თქვა, რომ „გადაწყდა, რომ მომავალშიც იქნება შეხვედრა იმ ბიზნესმენებთან, რომლებსაც უფრო განსხვავებული აზრი აქვს, რათა მან მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება”.


რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა ვებგვერდი freebusiness.ge, სადაც გამოქვეყნებულია განცხადება და მოთხოვნილია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციებს დროს დაკავებულების გათავისუფლება.

მას 2200-ზე მეტი ბიზნესი უერთდება, მათ შორის, მსხვილი ბიზნესები: მაგთიკომი, მაკდონალდსი, PSP, სპარი, მაგნიტი, აზრი და სხვები. ვებგვერდზე შეიძლება იმ კომპანიების ნახვაც, რომლებსაც განცხადებაზე აზრი ჯერჯერობით არ გამოუხატავთ.