„პოზიციები, რომლებსაც ვისმენ, შეურაცხმყოფელია“ | ამნისტიის კანონპროექტის განხილვას 20 ივნისის დაზარალებულები ესწრებიან

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ. სხდომას 20 ივნისის დაზარალებულები – გიორგი სულაშვილი და დავით ხვადაგიანი ესწრებიან. მათთან ერთად არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილიც.

კომიტეტის წევრებს დავით ხვადაგიანმა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელმა და 20 ივნისს დაზარალებულმა სიტყვით მიმართა.

მისი განცხადებით, 20 ივნისის დაზარალებულები ვერანაირი ამნისტიის მომხრეები ვერ იქნებიან, რადგან არ დადგენილა ბრძანების გამცემების პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„ჩემი დაზარალებულობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე მხოლოდ 3 კვირა არ მესმოდა ყურში, იმიტომ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ხელებშეკრულს მცემდნენ გაშლილი ხელებით, რათა ყურის ე.წ დაფის აპკი დაეზიანებინათ. თუმცა რაღაც შემთხვევის წყალობით გადავრჩი. მიმაჩნია, რომ მაინც ნაკლებად ვარ დაზარალებული გიორგისთან, მაკო გომურთან, კობა ლეთოდიანთან შედარებით, რომელმაც ერთი თვალი დაკარგა აფხაზეთის ომში ოკუპანტთან ბრძოლაში და მეორე თვალი დაკარგა იმ ოკუპანტთან ბრძოლაში, რომლის ისტორიის, წინა კომიტეტის სხდომაზე ბატონი სარჯველაძის სიტყვებით, დავიწყება კარგი იქნებოდა.

ვერ დავივიწყებთ, ბატონებო, ამას ჩვენ. შეიძლება ძალიან სურდეს ყველას, მაგრამ არ შეიძლება… ჩვენ, ნებისმიერი ჩვენგანი, მე ვამაყობ იმით, რომ ზუსტად მაშინ, 20 ივნისის ღამეს ვიდექი ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ ბრძანდებით ისტორიის არასწორ მხარეს, ვინც დღემდე იცავთ იმ ოკუპანტის ღირსებას, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ჩამობრძანდა აქ და თქვენ მას მიეცით პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა და ამით დაამცირეთ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელთათვისაც ძვირფასია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ღირსება, რომელსაც საუკუნეები იცავდნენ ჩვენი წინაპრები.

რამდენიმე დღეში 26 მაისია. დღესაც სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულია ადამიანი, რომელიც იბრძოდა ამ ქვეყნის ღირსების დასაცავად ზუსტად ისეთი ოკუპანტების წინააღმდეგ, რომელიც 20 ივნისს ბრძანდებოდა მთავარი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში.

მე არ შევალ იურიდიულ დეტალებში და თავს ამის უფლებას არ მივცემ, თუმცა მთავარი რაც არის, მინდა ვთქვა, რომ ბრალდება, თითქოს პარლამენტზე შტურმი იყო და ეს იყო მოგერიების ოპერაცია, არის აბსოლუტური სიცრუე. რადგან მე იქ ვიდექი რამდენიმე ათეულ მეტრში კორდონს და დემონსტრანტებს შორის და დარბევა და პოლიციის შტურმი დაიწყო ზუსტად იმ დროს, როდესაც საერთოდ არაფერი ხდებოდა. ინციდენტები, რაც ხდებოდა მანამდე, ამოწურული იყო და ოპოზიციისა და დემონსტრაციის ლიდერები შემოსული იყვნენ პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობასთან მოლაპარაკებაზე. შედეგებს ელოდა ყველა ჩუმად.

ამ დროს დაიწყო მოულოდნელი შეტევა არამხოლოდ პარლამენტის მიმდებარედ. ეს იყო სასტიკი დევნის ოპერაცია და მე და ჩემი ძმა, რომლებიც დაგვაკავეს რუსთაველის მეტროსთან, პარლამენტიდან რამდენიმე კილომეტრში, როდესაც მორიგი შტურმი დაიწყო, გვცემეს სასტიკად. 12-13 საათის განმავლობაში მკვდარი მეგონა ჩემი ძმა, იმიტომ, რომ ის ლამის სისხლისგან დაიცალა, თვალის ბუდე ჩალეწილი ჰქონდა. 3 დღე წინასწარი დაკავების საკანში იჯდა ისე, რომ სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენია არავის.

არამარტო დაკავების ოპერაცია იყო მძიმე და სასტიკი ანგარიშსწორება, დაკავების შემდეგაც მე თვითონ გადავყავდი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ხელებშეკრულს მცემდნენ…

ის პოზიციები, რაც წარმოდგენილია დღეს და ვუსმენ, არის შეურაცხმყოფელი როგორც ჩემთვის, უფრო მეტად იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გამოუსწორებელი დაზიანებები მიიღეს“, – განაცხადა ხვადაგიანმა.

ხვადაგიანის თქმით, 20 ივნისის მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ დაკითხა პროკურატურამ როგორც დაზარალებული და შეამჩნია, რომ იყო „საქმის ჩაფარცხვის“ და პოლიტიკური პასუხისმგებლობის არიდების და რიგით პოლიციელებზე ხელის შეწმენდის მცდელობა. მისი თქმით, პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე ზემდგომის ბრძანების გარეშე არაფერს გააკეთებდა.