EMC ეხმაურება შრომის კანონმდებლობის რეფორმას და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯთან ერთად, ეს რეფორმა, ბევრი მიმართულებით, დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ამასთან, შრომის კოდექსის მიმდინარე რეფორმამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა მშრომელთა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემათა სიმრავლე და ის წინაღობები, რომელთა გადალახვაც მათ მოსაგვარებლად იქნება საჭირო. გთავაზობთ EMC-ის შეფასებას:
„რეფორმა ითვალისწინებს დასაქმებულთა უფლებების დაცვის ხელშესახებ გარანტიებს.
პოზიტიური ცვლილებები რეფორმაში:
- შრომითი უფლებების ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით შრომის ინსპექციისთვის შრომითი უფლებების დაცვის სრულყოფილი მონიტორინგის მანდატის მინიჭება და ინსპექციის ინსტიტუტიციური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯები;
- სამუშაო დროის, ცვლაში მუშაობის, ზეგანაკვეთური სამუშაოსა და ღამით დასაქმებული პირების ცნების განსაზღვრა და მასთან დაკავშირებული დეფინიციების გაჩენა;
- ცვლაში მშრომელთათვის დაწესებული დასვენების დროის რეგულირება;
- ღამე მშრომელთა უფლებების დაცვის გარკვეული გარანტიების შემოღება;
- სპეციფიკური დარგების ჩამონათვალის არსებული პრობლემური სიის გაუქმება;
- მედიაციის აღსრულების წესის განსაზღვრა;
- ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები – გონივრული მისადაგების ცნება გაჩენა, ქალებისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის შემოტანა და სხვა.
- შრომის ხელშეკრულების ფორმის, ვადებისა და შინაარსის ახლებურად დარეგულირება;
- სტრაჟირების დარეგულირება;
დღეს საქართველოში შრომითი უფლებები მასობრივად ირღვევა. დასაქმებულების დაუცველობა და შრომის კოდექსის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით ცხადად პანდემიის დროის გამოიკვეთა. ჯერაც შეუსრულებელია საქართველოს შრომითი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების ვალდებულება.
სწორედ ამ კონტექსტში, პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით, ჯერ კიდევ 2019 წელს, დაიწყო შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტის განხილვები რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებისა მონაწილეობდნენ. მას შემდეგ ამ პაკეტმა რთული და წინააღმდეგობრივი გზა გაიარა. შრომის კანონმდებლობის რეფორმის განხილვა სამუშაო თუ საპარლამენტო ფორმატებში ხელშესახებ, კარგად ორგანიზებულ წინააღმდეგობას წააწყდა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მხრიდან, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა შრომის რეფორმაში შესატანი ცვლილებების საწინააღმდეგო კამპანიას როგორც პარლამენტში, ისე მის კედლებს მიღმა. სამწუხაროდ, ბიზნესის ლობის წნეხის შედეგად, პაკეტში რამდენიმე პრობლემური ცვლილება შევიდა, რამდენიმე მუხლი კი, მათ შორის ისეთი ჩანაწერები, რომლებიც მშრომელთა დაცვის ფუნდამენტურ ინსტურმენტებს ეხებოდა, კანონპროექტს მიღმა დარჩა.
გაშვებული შესაძლებლობები:
- არ დადგენილა მაქსიმუმ რამდენი საათი შეუძლია დასაქმებულს ზეგანაკვეთურად მუშაობა;
- რეფორმა არ ითვალისწინებს ისეთ გარანტიებს, როგორიცაა სოლიდარული გაფიცვის უფლება, მინიმალური ხელფასი, მამობის შვებულება და დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება ქალებისთვის;
- არ არის ამომწურავად გაწერილი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები;
- პარლამენტმა მეორე მოსმენაზე უარი თქვა ზეგანაკვეთური სამუშაოს 125%-იანი გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების წესის შემოღებაზე.
ხარვეზები რეფორმაზე მუშაობის პროცესში:
- კარგად ორგანიზებული წინააღმდეგობის ფონზე, მშრომელთა ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაციების სიმცირე განსაკუთრებული სიმწვავით გამოვლინდა. მაშინ, როცა დამსაქმებელთა ასოციაციები შეუფერხებლად ახერხებდნენ როგორც საკანონმდებლო პროცესში ჩართვას, ისე საკუთარი ინტერესების სხვადასხვა პლატფორმასა და ფორმატებში გაჟღერებას, მშრომელთა ჩართულობა მათი უფლებრივი მდგომარეობის გარშემო მიმდინარე საკანონმდებლო პროცესსა და საჯარო დისკუსიაში მთელი პროცესის განმავლობაში საკმაოდ სუსტი იყო.
- საგულისხმოა, რომ ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო გამოწვევად იქცა კანონპროექტის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება.
- მიზანმიმართულად გავრცელდა არაერთი მცდარი წარმოდგენა კანონპროექტის მიზნებისა თუ მისი შესაძლო ეფექტების შესახებ.
მიუხედავად ამ გარემოებებისა, ეს რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლაში. შრომის კოდექსში შესული ცვლილებები გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას, გააძლიერებს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში, ხელს შეუწყობს შრომის ინსპექციის ქმედით, თვითმყოფად უწყებად ჩამოყალიბებას, ხოლო საქართველოს შრომით კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო შესაბამისს გახდის.
ამავე დროს, ცხადია, რომ დღეს საქართველოში შრომითი უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, მათ შორის რეფორმირებული შრომის კოდექსი და ამ სფეროში არსებული ინსტიტუციური გარემო, კვლავ დიდწილად, კერძო ინტერესს ემსახურება. ამ პრობლემების ერთობლიობა კვლავაც შესაძლებელს ხდის საფრთხისშემცვლელ სამუშაო გარემოში, მძიმე და დაბალანაზღაურებადი შრომის ხარჯზე სიმდიდრის დაგროვებას და ხელს უწყობს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს. ცხადია, ამ საკითხებს მხოლოდ შრომის კანონმდებლობის რეფორმა ვერ უპასუხებს და დასაქმების, ისევე როგორც ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრების გარეშე, დასაქმებულების გაძლიერება და სამუშაო ადგილებზე ღირსეული პირობების შექმნა შეუძლებელი იქნება”, – წერს EMC.
პარლამენტმა შრომის რეფორმის კანონი მიიღო. დღეს, 29 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს.
შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტის მომხრე 85 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს კი 82 მომხრე ჰყავდა. საბოლოო ჯამში, პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი ბოლო, მესამე მოსმენით მიიღო.