მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრი, ვარლამ გოლეთიანი გუშინ, 15 ივლისს „მაუწყებელთან“ ინტერვიუში ჰომოფობიური განცხადებებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ „პრაიდის“ მისამართით პროტესტი ყოველთვის იარსებებს და ეს არის ზნეობის საკითხი.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რატომ არსებობს პროტესტი „პრაიდთან“ დაკავშირებით, როგორც „პრო-პრაიდი“ ადამიანები ამბობენ, რომ რატომ არსებობს პროტესტი – ეს მგონია, საერთოდ, არასერიოზული დაყენებაა საკითხის და ვფიქრობ, განხილვადაც არ ღირს. იმიტომ, რომ ეს პროტესტი „პრაიდის“ მისამართით ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს იმიტომ, რომ ეს არის გარკვეულწილად ზნეობის საკითხი“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, საკითხი დგას, თუ როგორ უნდა გამოიხატოს პროტესტი „პრაიდის“ წინააღმდეგ. ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობა „კვებავს მათ, ვინც აინიცირებს ღონისძიებას, „პრაიდს“.
„თუმცა საკითხი დგას ახლა იმაზე, თუ ვლაპარაკობთ, როგორ უნდა იყოს გამოხატული ეს პროტესტი, აქ შეიძლება დავსვათ გარკვეული კითხვის ნიშნები. ის, რაც ვნახეთ 5 ივლისის აქციაზე, ვგულისხმობ ფიზიკურ ანგარიშსწორებებს, რა თქმა უნდა, აქ ბევრი პრობლემაა. სწორედ ეს არის საკვების მიცემა იმ მხარეზე, რომელიც აინიცირებს ამ ღონისძიებას, ვგულისხმობ „პრაიდის“ ორგანიზატორებს. ეს არის ძალადობრივი დაპირისპირება მათი მისამართით, რაც კვებავს იმ პროცესს, თავის მხრივ. საბოლოო ჯამში ვიღებთ ისეთ სურათს, რომ იცინიატორები ამ ღონისძიების და მოძალადე ნაწილი, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ამა თუ იმ პერსონას, საბოლოო ჯამში, ალბათ, ერთმანეთს კვებავენ. ერთად თანაარსებობს ეს ორი პროცესი“, – თქვა მან.
ვარლამ გოლეთანის განცხადებით, ქვიარ ადამიანებს მათთან ერთად პროტესტის გამოხატვისას პრობლემა არ ექმნებოდათ, ვინაიდან, მისი თქმით, „ვიზუალური გამოვლინება არ აქვს ამას“.
„აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენს გვერდით იდგნენ 24 საათის განმავლობაში ეს ადამიანები, ქვიარ ადამიანებზე იყო საუბარი. სიმართლე გითხრათ, საქმეც ამაშია, არავინ არ აკვირდება ამას, არ ჩანს ეს ვიზუალურად ხომ? არავის პრობლემა ამ თანაცხოვრების მომენტში აქ არ ექმნება, იმიტომ, რომ ვიზუალური გამოვლინება არ აქვს ამას და ამიტომ არც ვიცით. როცა ისინი იხსენებენ, რომ აქ იყვნენ, ჩვენ ეს არ ვიცით, ვიზუალიზაცია ამ პროცესის არ ხდება ხომ? შეიძლება აქ მოდის უამრავი ადამიანი, პროტესტია, აქციაა და ბევრი ადამიანი მოდის. ჩვენ რა ვიცით, არც ვაკვირდებით ამას, ვინ ვინ არის. აქ არის საუბარი იმაზე, როცა რაღაცა კონკრეტულის წამოწევა ხდება წინა პლანზე…“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა „მაუწყებელთან“ ინტერვიუს დროს.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები „პრაიდის“ წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობის მისაღებად 5 ივლისს თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ თბილისში საპატრირქოს მოწოდების შემდეგ გადაწყვიტეს ჩამოსვლა.
მოძრაობის ლიდერების ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ მოძრაობასთან კომუნიკაცია გაწყვიტა ორმა ორგანიზაციამ, რომლებიც აქამდე მათ მხარს უჭერდა.
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, ისინი ნამახვანჰესის წინააღმდეგი რჩებიან და გააგრძელებენ ბრძოლას ჰესის საწინააღმდეგოდ, თუმცა კომუნიკაციას წყვეტენ „რიონის ხეობის მცველებთან“.
მალე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელდა მოძრაობის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“. მათი თქმით, „რიონის ხეობის მცველების” მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ორგანიზციის ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.