პრაიდკვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრები ადგილს პოლიციის დახმარებით ტოვებენ

პუბლიკა

Tbilisi Pride-ის ორგანიზებით გამართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება დასრულდა. პრაიდკვირეულის პირველი ღონისძიების ადგილს სტუმრები პოლიციის დახმარებით ტოვებენ. სამართალდამცველებს ფილმის ჩვენებაზე მისული სტუმრები და ღონისძიების ორგანიზატორები სპეციალურად მობილიზებული მიკროავტობუსებითა და კორდონით გაჰყავთ.

დღეს დახურული ჩვენების ადგილას მივიდნენ ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებიც. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, ფილმის ჩვენებაზე მისული სტუმრების მისამართით კი კვერცხებსა და სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩებიც ესწრებოდნენ. დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ღონისძიების სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.

პოლიციამ კი ჰომოფობიური ჯგუფების აქციის მონაწილეები დააკავა. თავდაპირველად სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს, მოგვიანებით დააკავეს კიდევ ერთი მოქალაქე, ხოლო ღონისძიების დასრულებისას, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა კიდევ ერთხელ სცადეს, პოლიციამ, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. „პუბლიკა“ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.