პრაქტიკაში დავინახეთ, როგორ ამოქმედდა ჯერ კიდევ არმიღებული კანონი - აბაშიძე რუსულ კანონპროექტზე

პუბლიკა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, იურისტი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ორგანიზაციის საქმიანობისას უკვე პრაქტიკაში ცხადად დაინახეს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ნეგატიური გავლენა, თუ როგორ შეიძლება დაზარალდეს სამოქალაქო სექტორი და ის ადამიანები, რომლებსაც ისინი იცავენ.

კერძოდ, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ჯერ კანონად არ ქცეულა, ორგანიზაციის დისკრედიტაციისთვის სასამართლო პროცესზე გამოიყენეს „აგენტის“ სახელი. კერძოდ, ერთ-ერთ საქმეში, რომელსაც ორგანიზაცია აწარმოებს, ადვოკატმა ზურა ჯანაშიამ, სასამართლოს ოფიციალურ კორესპონდენციაში, თავისი პოზიციის დასაცავ ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითა, რომ: „არასამთავრობოების დარიგებულია მოსარჩელე და თან იმ არასამთავრობოების, რომლებსაც ახლო მომავალში შესაძლებელია უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიენიჭოთ, მათი საქმიანობის ნამდვილი და დაფარული ბუნებიდან გამომდინარე”.

„ანუ სრულიად ნეგატიურია შინაარსი, მიმართული დაზიანებისკენ და საქმიანი რეპუტაციის შელახვისკენ. ეს ერთი მხრივ, ჩვენი აზრით, არის ადვოკატის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევა, რომელიც პროფესიულად გვბოჭავს ყველა ადვოკატს, ვინც ვსაქმიანობთ საქართველოში, რაზეც რა თქმა უნდა, ცალკე პროცედურას მივმართავთ. მეორე მხრივ – ეს არის სასამართლოს წინაშე პროცესში მონაწილე მხარეების შეურაცხყოფა, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით და რაც იწვევს რეალურად ასეთი ადამიანის დაჯარიმებას, რადგან იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი პროცესის მონაწილეს შეურაცხყოფას აყენებს, შეურაცხყოფას აყენებს სასამართლოსაც. გარდა ამისა, რაც მთავარია, ეს არის ის ცხადი ეფექტი, რა მიზანიც სინამდვილეში აქვს ამ რუსულ კანონს.

სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ დაინახა ეს შეურაცხმყოფელი შინაარსი. უფრო მეტიც, მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ გააკეთა ყველაფერი, მინიშნებებიც კი მისცა ადვოკატს, როგორ ემართლებინა თავი – იქნებ თქვენ არ დაგიწერიათ ეს წინადადება, იქნებ თქვენმა თანაშემწემ დაწერაო. ადვოკატმა აღიარა, რომ მისი შედგენილია ეს დოკუმენტი, თუმცა მოსამართლის მცდელობა, რომ არაეთიკური ადვოკატი გაემართლებინა, ეს იყო შემაშფოთებელი“, – უთხრა „პუბლიკას“ ანა აბაშიძემ.

მისივე თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის შუამდგომლობა ადვოკატის დაჯარიმების შესახებ, რის შემდეგაც მათ დააყენეს შუამდგომლობა თავად მოსამართლის აცილებაზე, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. მოსამართლე თათბირობს.

„ეს არის ცხადი მიკერძოება. ეს მოსამართლე პრაქტიკულად ვეღარასდროს ვეღარ დაგვარწმუნებს, რომ ის არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური არბიტრი და სამწუხაროდ, ეს ხდება ისეთ საქმეებში, სადაც შინაარსი არის უკიდურესად შემაშფოთებელი, ეხება სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. რეალურად მოსამართლე ამ შემთხვევისას გამოდის მეორე მხარის წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი შთაბეჭდილება, რის გამოც აღარ გვსურს ამ მოსამართლის მონაწილეობით პროცესის გაგრძელება“, – ამბობს აბაშიძე.

ანა აბაშიძის შეფასებით, ეს კონკრეტული შემთხვევა არის ცხადი მაგალითი, იმისა, რომ მაშინაც კი, როცა კანონპროექტი კანონად არ ქცეულა, ზიანის მომტანია ორგანიზაციისთვის და აღნიშნულმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ, სამწუხაროდ, ამის „შეჩერება მართლმსაჯულებასაც არ შეუძლია“.

„ასე რომ, უნდა ველოდოთ მსგავს შემთხვევებს, სასამართლო დარბაზებში, ქუჩებში, მედიასაშუალებებში. ამის ავტორი  „ქართული ოცნება“ აგრესიის მობილიზებას უწყობს ხელს. ესაა „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი შედეგი, რომ ორგანიზაციები ამას ვეღარ გაუძლებენ და შეწყვეტენ საქმიანობას“, – ამბობს ანა აბაშიძე.

„პუბლიკა“ ადვოკატთა ასოციაციას დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია ასოციაციის პოზიცია ადვოკატ ზურა ჯანაშიასთან დაკავშირებით. ასოციაციაში განგვიმარტეს, რომ ადვოკატის ქცევაზე, რომელიც შესაძლოა გახდეს მის მიმართ დისციპლინარული წარმოების საფუძველი, „ადვოკატთა ასოციაცია“ წინასწარ კომენტარს არ აკეთებს.