„პრაქტიკულად ყოველწუთიერად ახალი დარღვევები მოდის“ - სერგი კაპანაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ ბრიფინგზე უსაუბრა. კაპანაძის თქმით, ფოთში, პირველ საარჩევნო უბანზე მისულ 4 ამომრჩეველს თავიანთი სახელისა და გვარის გასწრივ ხელმოწერები დახვდათ.

სერგი კაპანაძის თქმით,  ბათუმში, მე-60 და მე-7 უბნებზე ამომრჩევლისთვის საარჩევნო ბიულეტენების გადაცემისას რეგისტრატორები ისე ხევენ ბიულეტენებს, რომ მათზე მოჭრილია „ევროპული საქართველოს“ ნომერი.

„ჩვენ დღის განმავლობაში ვხედავთ ძალიან ბევრ დარღვევას და ახლა მინდა ამ დარღვევებზე ვისაუბრო. პრაქტიკულად ყოველწუთიერად მოდის ახალი დარღვევები და რამდენიმე სერიოზული დარღვევა ფიქსირდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემთხვევები.

1. ფოთში პირველ საარჩევნო უბანზე მოსულ 4 ამომრჩეველს თავიანთი სახელისა და გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერის გრაფა ხელმოწერილი დახვდა, რაზეც ჩვენმა წარმომადგენლებმა მოახდინეს რეაგირება. რეგისტრატორი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანიშნული, აღნიშნულ დარღვევაზე საჩივარი დაწერა იმ ამომრჩეველმა, რომელსაც ხელმოწერილი დახვდა გრაფა, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდა უბანზე, წაიღო საჩივარი და განაცხადა, რომ აღარ ჩიოდა.

2. ხობის მე-12 უბანთან სოფლის გამგებელი და ადგილობრივი სკოლის დირექტორი – შორენა ბართია, ხალხს აშინებენ სოციალური დახმარების მოხსნით, თუ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ ხმას.

3. ბათუმში მე-60 და მე-7 უბნებზე ბიულეტენი მოხევის დროს ზიანდება და ევროპული საქართველოს ნომერი 2 ყუაზე რჩება.

4. სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც თვეში ერთხელ აძლევენ დახმარებას, მაინდამაინც დღეს ურიგებენ და ხელს აწერინებენ;

5. კრწანისის მე-8 უბანთან დაფიქსირდა ფულის გადაცემა „ოცნების“ კოორდინატორის მიერ

6. მარნეულისა და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეები ,,მწვანე დედამიწის“ დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ და ამ სტატუსით საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან. ასეთი იაფი ხრიკებით, ბუნებრივია, ხელისუფლება ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს საზოგადოებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კაპანაძემ.