ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ფაჩულიას მოთხოვნა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ბათილად ცნო ფოთის #1 საჯარო სკოლის მიერ მასწავლებლის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები და სკოლას გასაუბრების ეტაპის თავიდან ჩანიშვნა დაავალა.
ფოთის #1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტურ საათებზე კონკურსი 2022 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა. თამარ ფაჩულიამ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. მან გასაუბრების ეტაპიც გაიარა, თუმცა საბოლოოდ ის მასწავლებლად არ აიყვანეს.
თამარ ფაჩულია „პუბლიკას“ უყვება, რომ პროცესი დარღვევებით, არაობიექტურად და არასამართლიანად წარიმართა. ამიტომ თავდაპირველად კომისიის გადაწყვეტილება ფოთის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოში თამარ ფაჩულიას ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავდა.
თამარ ფაჩულია რამდენიმე დარღვევაზე მიუთითებს, რომელთა გამოც კომისიის გადაწყვეტილების სამართლიანობაში ეჭვი შეეპარა.
მისი თქმით, დოკუმენტების მიხედვით, კომისია შეიქმნა 26 აგვისტოს, თუმცა მანამდე 24 აგვისტოს განცხადებები უკვე გადარჩეული იყო. სასამართლოზე დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ზეპირი ბრძანების დამადასტურებელი დოკუმენტი. ის ამბობს, რომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ კომისიამ წინასწარვე იცოდა, რომელი კანდიდატი უნდა აეყვანათ სკოლაში და გასაუბრება მხოლოდ ფორმალობა იყო.
მეორე საკითხი, რომელზეც ის ყურადღებას ამახვილებს კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო ნუსხაა. ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით, კანდიდატს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონოდა.
„როცა განცხადებაში ეს წავიკითხე, ვიფიქრე, რომ ნამდვილად უნდა მიმეღო კონკურსში მონაწილეობა, რადგან მე მაქვს დოქტორის ხარისხი და ამავე დროს ვარ მენტორი მასწავლებელი. 2022 წელს ფოთის 450 მასწავლებლიდან ვიყავი ერთადერთი მასწავლებელი, რომელსაც მენტორის სტატუსი ჰქონდა.
მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს კონკურსის ჩატარების დროს, ამბობს, რომ სკოლამ უნდა შეარჩიოს საუკეთესო კანდიდატი. სასამართლოსთვის წარდგენილ არცერთ დოკუმენტებში მითითებული არ აქვთ, რომ აირჩიეს საუკეთესო კანდიდატი“.
ის ჰყვება, რომ გასაუბრებაზე 100 ქულიდან 95 მიიღო, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, კომისიისგან ვერ მიიღო დასაბუთებული პასუხი, რის გამო დააკლდა მას ქულა.
ფოთის საქალაქო სასამართლომ ფაჩულიას საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, გუშინ, 28 დეკემბერს გახდა ცნობილი.
„სამწუხაროდ, განათლების სფეროში ნაკლებად განიხილება ასეთი საკითხები. ძირითადად განიხილება დისციპლინური გადაცდომები. როცა მასწავლებლები უსამართლობას ხედავენ, სასამართლოს გზას ხშირად არ ირჩევენ ხოლმე. მასწავლებლები ფიქრობენ, რომ აზრი არ აქვს გასაჩივრებას, იმიტომ, რომ ამას დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდება. მე უზარმაზარი ადამიანური რესურსი გავიღე, წელიწადი და 4 თვის განმავლობაში ამ საქმით ვცხოვრობდი.
ვერ ვიტყვი, რომ ყველა სკოლაში ასეთი უსამართლობა ხდება, მაგრამ რასაც თვალს ვადევნებ, უმრავლესობაში ასეა. კომისიას წინასწარვე ჰყავს კანდიდატი შერჩეული, შეთანხმებულია შეკითხვებიც და ა.შ. სამწუხაროდ, მასწავლებლები ფიქრობენ, რომ სადაც კონკურსი ტარდება, იქ უსამართლობის გასაჩივრებას აზრი არ აქვს“, – ამბობს თამარ ფაჩულია.
მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და პედაგოგებმა უსამართლობაზე თვალი არ უნდა დახუჭონ.
„როცა დირექტორი ამბობს, რომ მენტორის სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს; როცა მოსამართლემ მეუბნება, რომ დოქტორის სტატუსიც არ შეიძლება ბონუსად განვიხილოთ, თუკი ეს უპირატესობას არ წარმოადგენს, მაშინ რა საჭიროა ის? ასეთ რამეს ამბობენ მხოლოდ არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი ადამიანები. ამიტომ, როცა დავინახე, რომ კომისია იყო არაკომპეტენტური, დირექტორი იყო არაპროფესიონალი და ჩემს ბედს წყვეტდნენ ჩემზე ნაკლები პროფესიონალები, უსამართლობის განცდა გამიჩნდა და არ მივეცი საშუალება, ასე მომქცეოდნენ. დავიწყე ბრძოლა.
ბევრი მეუბნებოდა, რომ არ ღირს ჩემი ჯანმრთელობის შელახვის ფასად ეს ყველაფერი. იყო ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულებაც, რომ საჩივრის მერე იმ კოლექტივში როგორ უნდა იმუშაოო. ჩემი პასუხია, რომ როდესაც ვგრძნობ რომ დამჩაგრეს და არაობიექტურად, არაპროფესიონალურად მომექცნენ, მე უნდა ვიბრძოლო და ამ ბრძოლას ჰქონდა აზრი“.
მისი თქმით, მოვლენების შემდგომი განვითარება ახლა დამოკიდებულია სკოლაზე, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუკი გადაწყვეტილება არ გასაჩივრება სკოლამ უმოკლეს ვადებში უნდა ჩანიშნოს გასაუბრების ეტაპი. სასამართლოში თამარ ფაჩულიას ინტერესებს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტები იცავენ.