პრემია „თავისუფალი“ დაარსდა 2023 წელს. მისი მიზანია, წაახალისოს და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ თეატრალურ პროცესს, რომელიც ბოლო წლებში, განსაკუთრებით აქტუალურ და საინტერესო ძიებებს გვთავაზობს. დამოუკიდებელი პროექტების მენეჯმენტი არის რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა, პრემიის დამფუძნებლების აზრით, ცალსახად საჭიროა ამ ტიპის ძიებების აქტიური მხარში დგომა. სახელმწიფო თუ კერძო სექტორის ჩართულობით სივრცის შექმნა, სადაც ერთი მხრივ, ახალი დამოუკიდებელი თეატრალური კომპანიები გაიცნობენ ერთმანეთს და შეთანხმდებიან სამომავლოდ თანამშრომლობაზე და მეორე მხრივ, გაიზრდება მათი ცნობადობა, რაც, თავის მხრივ, გაზრდის მხარდამჭერთა რაოდენობას.
გასულ წელს პრემია „თავისუფალმა“ განიხილა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში დადგმული დამოუკიდებელი სპექტაკლები და პერფორმანსები. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია 2024 წლის კონკურსში მონაწილე წარმოდგენების ნუსხა.
პრემია გაიცემა სამ ნომინაციაში:
საუკეთესო სპექტაკლი
საუკეთესო მსახიობი
საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარი
პრემია „თავისუფალი“ 2024 წლის კონკურსზე შემოვიდა 12 დამოუკიდებელი სათეატრო კომპანიისა და ერთი ინდივიდუალური არტისტის განაცხადი. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჩატარდა განაცხადების სელექცია და ჟიურის განსახილველად გადაეცა 20 სპექტაკლი.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჟიური დაესწრება და შეაფასებს წარდგენილ სპექტაკლებს, და დეკემბრის ბოლოს გამოავლენს გამარჯვებულებს.
აღსანიშნავია, რომ წელს პრემიას შემოუერთდა რამდენიმე ახალი დამოუკიდებელი თეატრალური გაერთიანება, ამას გარდა, კვლავ იღებენ მონაწილეობას რეგიონებში არსებული დამოუკიდებელი კომპანიები და პროექტები.
პრემია „თავისუფალი“ 2024 – ნომინირებული დამოუკიდებელი თეატრალური კომპანიები და პროექტები:
სახელოსნო 42, თეატრალური კომპანია ჰოი, რკინის თეატრი, თეატრი ათონელზე. ჰარაკი, საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია, გურჯაანის კულტურის ცენტრი, თეატრი ყველგან, გიენოსი, ხვლიკი, კატალექსი და რეგიონული თეატრების ქსელი.
ვუსურვებთ წარმატებას ყველა ნომინანტს და გვჯერა, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი თეატრალური პროცესი შექმნის მნიშვნელოვან კულტურულ ველს ზოგადად ქართული თეატრისა და სახელოვნებო სფეროს განვითარებისთვის.