პრემია „წიგნის ქომაგი 2020“ პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდს გადაეცა

პუბლიკა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2020“ პროექტ „წიგნების თაროს” გუნდს გადასცა. დაჯილდოების ცერემონია დღეს მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით უკვე მეხუთედ აღინიშნება.  პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.

პრემიის ავტორების თქმით, პრემიის უმთავრესი პირობაა, დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში და ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა.

როგორც პრემიის გამარჯვებულის დასახელებისას განაცხადეს, „წიგნების თაროს“ გუნდს ჯილდო გადაეცა:

ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის – “წიგნების თაროს” 23 გამარჯვებული ახალგაზრდა გაემგზავრა კემბრიჯში, საზაფხულო სკოლაში.

2016 წელს “წიგნების თარომ” 3 გამარჯვებული სტუდენტი სტამბოლის წიგნის ფესტივალზე გაუშვა. დღეს “წიგნების თაროს” გუნდში 15 სტუდენტია, თხუთმეტივე ყოფილი თაროელი.

ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის – სხვადასხვა
დროს “წიგნების თაროს” გუნდმა 20-ზე მეტი საჯარო ლექცია ჩაატარა თბილისსა და
რეგიონებში.

ასევე, “წიგნების თარო” ეწვია მე-11 პენიტენციურ დაწესებულებას, შეხვდა არასრულწლოვან
მსჯავრდებულებს, აჩუქა მათ სპეციალურად შეგოვრებული წიგნები და მათთვის ჩაატარა
თამაში.

წლების განმავლობაში ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის საჩუქრად გასცა 3000-ზე მეტი წიგნი, 20-ზე მეტი პლანშეტი, 30-ზე მეტი ლეპტოპი, 50-ზე მეტი სასაჩუქრე ვაუჩერი და უამრავი სხვა პრიზი.

2017 წელს “წიგნების თაროს” ეგიდით მოეწყო პროექტი “მოსწავლეების არჩევანი”, რომელშიც მოსწავლეებმა მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღეს, საყვარელი თანამედროვე ქართული ნაწარმოების გამოსავლენად.

2019 წელს “წიგნების თარომ” მოაწყო წიგნების კითხვის ფესტივალი – ამიერიდან პერმანენტული ღონისძიება, ყოველი წლის მაისში.

2019 წელს ამოქმედდა „წიგნების თაროს“ აპლიკაცია #წიგნებისთარომედია, რომელიც ინტელექტზე და წიგნიერებაზე ორიენტირებული პირველი ინტერაქტიული მობილური მედიასივრცეა ახალგაზრდებისთვის.

2016 წლიდან ეთერში გავიდა 7 სასკოლო და 3 სტუდენტური სეზონი. გადაცემაში მონაწილეობა მიიღო 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ.

შედგა 272 გადაცემა 4 წლის განმავლობაში “წიგნების თარომ” მოიცვა 10 რეგიონი, 150-მდე სკოლა და 20-მდე უმაღლესი სასწავლებელი.