პრემიერ-მინისტრი მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩვენთვის პატივია, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს მივულოცოთ რამაზან ბაირამის დღესასწაული. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია გვაქვს. ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ და საუკუნეების განმავლობაში ასე იყო, ყველა ვემსახურებით ამ ქვეყანას და რაც მთავარია, პატივს ვცემთ ჩვენს რწმენას, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს – რამაზან ბაირამს. მინდა გისურვოთ, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი – ზოგმა პატარა, ზოგმა – დიდი, შევიტანოთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერაში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი ნიშანი იყოს ჰარმონია – ჰარმონია ყველაფერში, კულტურებს შორის, რელიგიებს შორის, თანაცხოვრებისას, ეს არის ის, რაც შეგვიძლია, მსოფლიოს ვასწავლოთ. ეს არის ის, როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ამდენი სხვადასხვა რწმენის ადამიანი თანაცხოვრობდეს, ერთ საქმეს აკეთებდეს, ერთ სახელმწიფოს ემსახურებოდეს და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზრუნავდეს. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

30-დღიანი მარხვის შემდეგ, მუსლიმები რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავენ. მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი.