პრემიერი 25 თებერვლის შესახებ განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება. რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეს, ეხება.

იგი თბილისში საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიის შემოჭრას და რუსულ ოკუპაციას „ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად” მოიხსენიებს.

„1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის – ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება.

ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს.

დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ”. – ვკითხულობთ განცხადებაში.