პრემიერი ამ თავდასხმებით რეალურ და აშკარა საფრთხეს უქმნის LGBTQ ადამიანებს - Tbilisi Pride

პუბლიკა

ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 22 ივნის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამ განცხადებას დეზინფორმაციად აფასებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს გასული წლების რიტორიკას და ცდილობს ლგბტქ თემისგან „მტრის ხატის“ შექმნას პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით.

„თბილისი პრაიდი“ წერს, რომ პრემიერი ამ თავდასხმებით რეალურ და აშკარა საფრთხეს უქმნის ლგბტქ ადამიანებს, აქტივისტებს და მხარდამჭერებს.

„გასული წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რითაც მწვანე შუქი აუნთო ძალადობრივ დაჯგუფება „ალტ-ინფოს”, რომელმაც ლგბტქ აქტივისტებზე და მედიაზე ღიად ნადირობა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას ამ ძალადობის არცერთი ორგანიზატორი დღემდე არ დაუსჯია.

Პრემიერ-მინისტრის სიძულვილის შემცველი განცხადებები და ქმედებები საზიანოა არამხოლოდ ლგბქტ ადამიანებისთვის და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის, არამედ ქვეყნის ევროპული არჩევანისთვისაც, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია.

გვინდა შევახსენოთ Სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თუ რა პასუხისმგებლობას აკისრებს მათ საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო შეთანხმებები და ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებები“, – წერს „თბილის პრაიდი“.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 5 ივლისის მოვლენები „ელგებეტე“ ორგანიზაციის დირექტორის და მოძრაობა „სირცხვილიას“ წახალისებული იყო, მათ უკან კი „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.

„პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციაა. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა. ეს დაგეგმეს ამ ადამიანებმა“, – განაცხადა პრემიერმა.