პრემიერი არქიმანდრიტ ეფრემს: ყველაფერი, რაც მითხრა გერონდამ, გამართლდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველ ვიდეოსა და ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ, დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. მე ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას პირველად ათონის მთაზე. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, მაშინ მე არ ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა საუბარი. ყველა რჩევა, რომელიც მომცა გერონდამ, და რაც მითხრა, გამართლდა“, – მიმართა პრემიერმა არქიმანდრიტს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არქიმანდრიტმა ეფრემმა მთავრობის მეთაური ათონის მთაზე მიიწვია. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა არქიმანდრიტ ეფრემს სადილზე უმასპინძლა.

2021 წელს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ათონის მთაზე წავიდა.

„როცა მე გადავდექი, შეგნებულად წავედი ათონის მთაზე და შობას შევხვდი იქ, ერთი კვირა წავედი. მარტო წავედი, რომ ერთგვარი დეტოქსი განმეცადა“, – თქვა მან.

*გერონდა ნიშნავს წინამძღვარს, უხუცესს