პრემიერი Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

კლინიკური სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენების ნაწილში თერაპიული ელემენტების გაძლიერება და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზება იყო დღეს ის მთავარი საკითხები, რაზეც მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა.

„ჯეოჰოსპიტალსი“ ორ დღეში ბორჯომისა და მარნეულის ლოკაციებს დაამატებს, – ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, ზურაბ ქიტოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის – როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად მოხდა ვითარების დასტაბილურება.

„მოხდა ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების კონსოლიდირებული შედეგების ანალიზი, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს სექტორი. სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის, როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად სიტუაციის დასტაბილურება. თავის მხრივ, კერძო სექტორი აგრძელებს დამატებითი საწოლფონდების მობილიზებას.

ჩვენ წარმოვადგენთ „ჯეოჰოსპიტალს“. ორ დღეში კიდევ ვამატებთ ბორჯომის, მარნეულის ლოკაციებს. აქტიურად ვართ ჩართულები ონლაინ-კლინიკებსა და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე, დასტაბილურებულ ფაზაში და მცდელობების დაუღალავად გაგრძელების ფონზე შევძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძო სექტორი ამ გამოწვევას გავუძლებთ, მხოლოდ ერთობლივად“, – განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები, სადაც ხდება მიწოდება, როგორც თერაპიული სერვისის, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებია მიტანილი, – განაცხადა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟანგბადის მიწოდებისა და ადგილების საკითხს.

„როგორც ყოველთვის, ესეც იყო ყოველკვირეული, ტრადიციული შეხვედრა, სადაც პრემიერ-მინისტრთან განვიხილავთ ჩვენს გამოწვევებს, მათ შორის ჟანგბადის მიწოდების, ადგილების საკითხებს, რაც ძალიან აქტუალურია ყველასთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები, სადაც ხდება მიწოდება, როგორც თერაპიული სერვისის, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებია მიტანილი“, – აღნიშნა დავით გადელიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციის მნიშვნელობას, რათა კლინიკების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ წინა შეხვედრებზე გაცხადებული გეგმის შესაბამისად, გამოათავისუფლეს დამატებითი საწოლები, როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ.