პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა | რა აქცენტები ჰქონდა ღარიბაშვილს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 76-  სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. 

„ქართველი ხალხის სახელით მაქვს პატივი მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. საკუთარი წუხილის გასაზიარებლად და მოსაზრებების გამოსახატად, ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, ყველა წევრ სახელმწიფოს ეძლევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან ეს პლატფორმა.

ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება ახალგაზრდა იყოს, თუმცა ჩვენი ფასეულობები და ტრადიციები ძირძველია. მრავალი მღელვარე მოვლენა გამოვიარეთ, გადავრჩით და განვვითარდით მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე.

ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად. საქართველო ის თვითნაბადი ალმასია, რომელსაც წახნაგების გამოკვეთა სჭირდება ქვეყნის სრული პოტენციალის საჩვენებლად, “- განაცხადა მან შესავალ სიტყვაში.

პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსვლის დროს სახვადასხვა საკითხზე ისაუბრა, დასაწყისში მან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა მადლობელია ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ჩინეთის, ასევე ვაქცინების მწარმოებლებისადმი, რომლებმაც ქვეყანას ვაქცინები მიაწოდეს. მისი თქმით, ძალისხმევას არ იშურებს მთავრობა პანდემიიდან უკეთეს მდგომარეობიდან გამოსვლისთვის.

მან თავის გამოსვლაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა.

„დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით – დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.

რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს.

ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი  მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ.

ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ სურს მიმართოს: „აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშიარის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება”.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ქვეყნის მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებირომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები.

მან ასევე გამოსვლისას თქვა, რომ ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღდება და ეკონომიკური ზრდა სახეზეა.

„ქართული ოცნებები ხდება, სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებისთვის ვიღწვით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს, “განაცხადა ღარიბაშვილმა გაეროში.

ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ თუ ვერ ვირწმუნებთ არჩევნების არსს, თავად დემოკრატია აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.

„2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩავატარეთ საქართველოში და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული.

როცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს – ხალხის ნების დამორჩილება”- განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლოსას ასევე განაცხადა, რომ შეიძლება საქართველო პატარა ქვეყანა იყოს, მაგრამ ყოველთვის გაცილებით დიდი წვლილი შეჰქონდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

მისი თქმით, ჯოზეფ ბაიდენის მოწოდებას, რომ გლობალური თანამშრომლობა გაიზარდოს ყველაზე მსხვილი გამოწვევების დასაძლევად, საქართველოში არა მხოლოდ „ვიზიარებთ, არამედ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მზად სხვისთვის დახმარების აღმოსაჩენად”.