პრემიერი კანდიდატობაზე - თუ გადაწყვეტილება იქნება შეურაცხმყოფელი, ყველაფერ ფარდას ავხდი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

„17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და 23-24 ივნისს დაველოდები და მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე, თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეუარცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი. თქვენგან განსხვავებით შეთქმულების თეორიებზე არ ველაპარაკები, მე ხალხს ველაპარაკები მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით” – განაცხადა მან.

მისივე თქმით – ” ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას”.

შეგახსნეებთ, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.