პრემიერი მართალია... სკანდალური სიტყვებია, რაღაცნაირად - ხვიჩია ღარიბაშვილის განცხადებაზე

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა.

„გაგიკვირდებათ და ამაში პრემიერი მართალია. მაგრამ იგივე პრინციპი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ადამიანები ციხეში  წლობით გვიზის ნარკოტიკების მოხმარების გამო. აი, ეს ლოგიკა თუ ესმის პრემიერს… მე ვეთანხმები ამ რთულ დროს მას, იმიტომ, რომ სკანდალური სიტყვებია, რაღაცნაირად. ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ დაიცავს. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. მაგრამ იცოდეთ, რომ იგივე პრინციპი მოქმედებს იმ შემთხვევებშიც, რომელთა გამოც ათასობით ადამიანი გვიზის ციხეში, იმის გამო, რომ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას არ ესმის, რომ ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული, რაც თქვა ბატონმა პრემიერმა“, – ამბობს იაგო ხვიჩია.


„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ წამყვანის შეკითხვას, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა.