„ღარიბაშვილს არ ესმის, რას ნიშნავს სახელმწიფო, არჩევნები, დემოკრატია. ასევე არ ესმის, ზოგადად, როგორია საქართველოს მოსახლეობის ინტერესი“, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
„საქართველოს პრემიერი-მინისტრი პირდაპირ აშანტაჟებს საქართველოს მოსახლეობას და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ მეორე ტურში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შანტაჟით საბოტაჟს გამოუცხადებს თავის მოსახლეობას. რაც არის გაცხადებული დანაშაული საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რაც არის გამოცხადებული დანაშაულის ქრონიკა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ უარყოფს თვითმმართველობის პრინციპს, პირდაპირ უარყოფს დემოკრატიის მთავარ პრინციპსა და პირდაპირ [ადასტურებს] იმასაც, რომ საქართველოში არჩევნების გზით მათ არ აქვთ ინტერესი, რომ მოსახლეობამ გამოხატოს თავისი ნება“, – ამბობს დეკანოიძე.
სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და სენაკელებს მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნაყოფიას არჩევის შემთხვევაში, ის ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ცენტრალური ხელისუფლება „ქართული ოცნების“ იქნება.