„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენის გასამართლებლად რიცხვებით მანიპულირებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა საქართველოს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან… 2022 წელს საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარამდე იყო, ხოლო ევროკავშირის – 270 მილიარდი დოლარი.“
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა.
„აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონ დოლარამდე და მასში ვაჭრობის მცირე წილიც კი მაღალი რიცხვი გამოდის.
თუ გვაინტერესებს, ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, შედარება უნდა გაკეთდეს იმის მიხედვით, თუ რა წილი უჭირავს ევროკავშირის და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთს და რა გააკეთეს ამ წილების შესამცირებლად. 2021 წელთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად.“
ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, როგორიც არის ფრენის აღდგენა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას გაურთულებს.
„ევროკავშირმა უკრანაში ომის დაწყებიდან 3 დღეში, 2022 წლის 27 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვის შესახებ, რომელიც დღემდე ძალაშია. ნებისმიერ რუსეთში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, ასევე რუსეთის მოქალაქის ან კომპანიის კუთვნილს ან დაქირავებულს ეკრძალება ევროკავშირის სივრცეში ფრენა. ასევე, აკრძალულია რუსული ავიაციისთვის ნებისმიერი საქონლის და მომსახურების მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციები ეხება ნებისმიერ რუსულ კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანია „აზიმუტს“, რომელიც უკვე ახორციელებს პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით.“
სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.