საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამორიცხავს „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას.
„მე ვფიქრობ, ქვეყანაში არ მოიძებნება ამ ქვეყნის პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს, არ განიცდის და არ ნერვიულობს.
ეს იყო, ე.წ., აი ეს მავნებლური, „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს.
ეს ვიცით, რომ იყო ფიქციური ვითომ რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ, ეს ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და გეტყვით, როგორ მოვაგვარეთ:
აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურა ჯაფარიძემ, დიდი პატივია მისთვის მისი გვარის ხსენება მთავრობის სხდომაზე, ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის, მომავალი თაობის წინაშე. აღმოიფხვრება ეს ხარვეზი და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ვითომ ფიქციური რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა.
ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც. შესაბამისი ჩანაწერით ეს საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ, აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას.
ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას, ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს?“, – განაცხადა მან.