პრემიერი: შეგვიძლია დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც საზოგადოებას შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალებს გავაცნობთ

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ჭირისუფლებს დაპირდა, რომ შეიძლება შეხვედრის ორგანიზება, რომელზეც მათ ექსპერტების მოსმენისა და შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

„დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, ამ დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით.

ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ, უკვე გავეცი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შოვის ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე რაჭაში, კურორტ შოვში გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა და კურორტის ტერიტორია წალეკა. სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შარშანდელი სტიქიის ადგილას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც, იქ ტაძარი აშენდება დაღუპულთა ოჯახის წევრების თანაგრძნობის ნიშნად.