„უსაფრთხოებიდან გამომდინარე , აუცილებელი გახდა მისი იჯარით აღება“, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი ნუნუ თამაზაშვილისთვის ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5 958 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობაში 49 წლით გადაცემას.
„დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ე.წ. „ტყის ჩუქებამ…“. საზოგადოება განზრახ შეყავთ შეცდომაში და ქმნიან ილუზიას, თითქოს ბაკურიანის ტყე ღარიბაშვილის ოჯახმა მიითვისა…
რეალობა კი ასეთია: ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც სანახევროდ შეიძლება ტყე ეწოდოს და რომელიც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მისი იჯარით აღება, რომელზეც არც მშენებლობა შეიძლება და, რა თქმა უნდა, არც ხის მოჭრა. პირიქით, ვალდებულებაა მოვლა-პატრონობის და ყოველწლიურად, სოლიდური თანხის შეტანის ბიუჯეტში.
საინტერესოა, რამდენად გულწრფელი და ნამვდილია პროტესტი, იმ გუნდის წევრებისგან და მათი რჩეული ჟურნალისტებისგან, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას მხოლოდ 2009 წელს 3000 ზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი გაყიდეს, გაჩეხვის და ეკონომიური სარგებელის მიღების მიზნით…P.S. ვიდეოში მონიშნულია
“ნაჩუქარი ტყე” ?“, – წერს Facebook-ზე ალექსანდრე თამაზაშვილი.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2021 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5 958 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში 49 წლით გადაეცა – ინფორმაცია თავდაპირველად გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა.
სარგებლობაში გადაცემული 5 958 კვ.მ ტერიტორია ნუნუ თამაზაშვილის საკუთრებაში არსებული 1 530 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებგვერდის მიხედვით, სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონი 17 დეკემბერს გამოცხადდა. ტერიტორიის წლიური საწყისი ფასი 5 958 ლარი იყო და ამ მიწის ნაკვეთზე ინტერესი ერთმა პირმა გამოხატა. ამავე პირმა აუქციონში 6 255-ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა.
„გამარჯვებულმა პირმა, სარგებლობისათვის გათვალისწინებული ტყის ფართობი გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით – ტურისტული ინფრასტრუქტურის (დროებითი ტიპის ფანჩატურის) მოსაწყობად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის შსაბამისად,, სარგებლობა უნდა განხორციელდეს ხე-მცენარეები ჭრისა და შემოღობვის გარეშე. ტურისტული მარშრუტის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში დასაშვებია საფეხმავლო ბილიკების და მსუბუქი კონსტრუქციის მცირე ზომის ფანჩატურების განთავსება ბაკურიანის გენგეგმის შესაბამისად“, – ვკითხულობთ აუქციონის ვებგვერდზე მიწის გამოყენების პირობებში.