პრემიერის გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის – წერეთ და იკითხეთ“,- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგსაც და თქვა, რომ კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც რუსული იყო.

„ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა – წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო – მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი“ დაუსჯელი არ დარჩება.

„მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება,“- განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მან ასევე თქვა, რომ რუსული კანონის მიღება „ქართველი ხალხის უმრავლესობის დაკვეთაა“ და უახლოეს დღეებში მიიღებენ კიდე მას.