პრემიერის განცხადება არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას, ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში - ლომჯარია

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, იმის შესახებ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ და ფინანსურს სანქციებს.

„საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში. უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის. ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და გვაქვს გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს.

მისი თქმით, ის საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.  მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების ქმედებებზე დაკვირვების შემდეგ მიიღეს.