პრემიერის თქმით, მთავრობა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების აღებისგან თავს შეიკავებს

პუბლიკა

„75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება. წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ჩვენ,რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას.

მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე.

მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი ინფორმაციით გეტყვით, რომ ივლისის თვის ზრდა იქნება დაახლოებით 10%-მდე, რაც 7 თვის განმავლობაში ჯამში იქნება 12,2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ზრდა. ზედმეტი სპეკულაციები აქ არ არის საჭირო. ჩვენი ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რომ როგორღაც შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღწეველი და ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.