პრემიერის თქმით, თუ ვინმეს უსმენდნენ, ეს საპატრიარქოს დასაცავად ხდებოდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „კანონიერად უსმენს“ სასულიერო პირებს, ეს ეკლესიისა და პატრიარქის დასაცავად ხდება.

„უწმინდესი პატრიარქი არის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, დაცვის ქვეშ. მოდთი დავსვამ კითხვას – რომელი სახელმწიფოს ჰქვია სახელმწიფო, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს?“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა გარკვევა, სავარაუდოდ სუს-დან გაჟონილი ფაილების რა ნაწილია კანონიერად მოპოვებული და რა – უკანონოდ. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებულ მასალებში იმდენი ტყუილ-მართალი წერია, რომ მათგან 2-3% იქნება სიმართლე – „თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ“, -თქვა მან.

„თუ რამეს ვაკეთებთ, ჩვენ ვიცავთ ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქოს, ყველა იმ უმნიშვნელოვანეს პირს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ძალიან დიდ როლს ატარებენ. აქედან გამომდინარე, არაფერია გამორიცხული, თუ ვინმეს უსმენდნენ კანონიერად, არ ვიცი ახლა… მინდა გავიმეორო, რომ ეს არის კანონის ფარგლებში… უსაფრთხოების სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ მათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელონ“ — თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მასალების გავრცელების მიზანი მთავრობასა და ეკლესიას შორის უთანხმოების წარმოქმნა იყო. მისივე თქმით, ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და ყოველივე ეს საეჭვოდ ემთხვევა გახარიასა და სააკაშვილის ინტერესებს. პრემიერმა პირობა დადო, რომ ვინც ამ საქმის უკან დგას დაისჯება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და სრულ კოორდინაციაში ვართ საერთო ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში“, – თქვა ღარიბაშვილმა საპატრიარქოზე.