პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში 7-8 მარტს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
ამ კონტექსტში მან განმარტა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების მიზნები. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების მთავარი მოტივაცია იყო მოსახლეობამ იცოდეს „თუ რას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა.“
პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგომ დიდი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშზე, მათი მიზნები და აქტივობა გაუმჭვირვალეა, კანონი კი დაადგენდა მინიმალური გამჭვირვალობის დონესა და ანარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.
ღარიბაშვილმა მაგალითად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოთვალა და მათ შესახებ დეზინფორმაციული განცხადებები გააკეთა.
„მაგალითად ცნობილი თავისი დესტრუქციული ქმედებებით და პროვოკაციებით ე.წ. „სირცხვილიას“ მოძრაობა, რომელიც ფინანსდება პირდაპირ უცხოური ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის, უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ორგანიზაცია შემდეგ აქ ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ჩემს გადადგომას, ძალიანა ბევრი დესტრუქციული ქმედება იქნა განხორციელებული მათ მიერ ან მათი თანამომნაწილეობით.
ჩვენ ვიცით ე.წ. პროვოკაციული მოძრაობა „თბილისი პრაიდი“, რომელიც აპირებდა მეტად პროვოკაციული ღონისძიბების ჩატარებას, ე.წ. პარადების ჩატარებას, გახსოვთ კარგად, ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია ამან, ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ მათ დესტრუქციულ საქმიქნობას.
ორტგანიზაცია EMC მაგალითად, შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ მე ვიცი ძალიან კარგად, რამდენად დესტრუქციული საქმიანობით არის დაკავებული ეს ორგანიზაცია, ეს ადამიანები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას, ძალიან ბევრ პროვოკაციებში არიან ჩართული.
მაგალითად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ასევე ISFED რომელმაც პირდაპირ გაყალბებული მონაცემები წარმოადგინა არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოში პარალელური დათვლის შედეგები იყო გაყალბებული რაც მერე აღიარეს, ჩვენი ამოცანა არის ვიცოდეთ და იცოდეს ჩვენმა ხალხმა თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა“,- თქვა ღარიბაშვილმა.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.
8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.
მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს.