პრემიერმა ფინანსთა და იუსტიციის ახალი მინისტრები წარადგინა

პუბლიკა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციისა და ფინანსთა ახალი მინისტრები წარადგინა.

იუსტიციის სამინისტროს რატი ბრეგაძე უხელმძღვანელებს.

„რატი ბრეგაძე არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი. თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ ის სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან რატი ეწევა პედაგოგიურ საქმინობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე  სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობები. ბოლო პერიოდში იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე“, – განაცხადა პრემიერმა.

ფინანსთა სამინისტროს კი ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს.

„ლაშა ხუციშვილი დიდი ხანია, ფინანსთა სამინისტროს გუნდის წევრია. ამდენად, ის ძალიან კარგად იცნობს სისტემას, კერძოდ, 2014 წლიდან მას ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის ინიცირებული პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი; 2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი; 2008-2013 წლებში მუშაობდა დიდ ოთხეულში, საერთაშორისო კომპანიაში საგადასახადო და იურიდიული მიმართულებით; არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლისა და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.