პრემიერმა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს დავალებები მისცა - ადმინისტრაცია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დგამენ, რათა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ოჯახს დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს.

„შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალებები მიიღეს. აღინიშნა, რომ ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი და საკითხი უმაღლეს დონეზე დაისმება ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო გატაცებები და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.

მათი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და მიმართავს პარტნიორებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს საგარეო სამინისტრო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და მიმართავს მას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევა. უწყება ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.