პრემიერმა მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი - მთავრობა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრწანისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადო და მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, ხოლო იქ არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

„42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია.

ასევე, აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი ავტოსადგომი, საწვავგასამართი სადგური, ავტოსამრეცხაო და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო უბანი. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, “- ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში წლებია წარმატებით ფუნქციონირებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ახალი ლიცეუმი დასავლეთ საქართველოს ლიცეუმის ანალოგი იქნება და აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს.