პრემიერმა უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გამო სამძიმარი მე-3 დღეს გამოთქვა

პუბლიკა

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის სამძიმარი მე-3 დღეს გამოთქვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. მათ ახლობლებს, ნათესავებს. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა, დიდი დანაკლისი, უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ტრაგედია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე განმარტა, „თუ რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში”:

„ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, საელჩოები იყვნენ ადგილზე ჩართული. მე ვგულისხმობ წინა შემთხვევებს. ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა. ასევე ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული“, – აღნიშნა მან.


3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა. რუსეთის წინააღმდეგ ომში უკვე 33 ქართველი მებრძოლია დაღუპული.