პრემიერ-მინისტრს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლება.
ცვლილებები „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შედის.
კანონპროექტის ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ წევრები: შოთა ბერეკაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და ლევან მაჭავარიანი.
კანონპროექტის მიღების შედეგად საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
კანონპროექტი არ აუქმებს ზედამხედველობის მექანიზმს და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე და არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა პარლამენტსა და მთავრობას საქსტატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
„კანონპროექტის მიზანია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელი დირექტორისა და საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა, რაც უზრუნველყოფს საქსტატის დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნებას და ხელს შეუწყობს სამსახურის საქმიანობისა და მისი კონტროლის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
აგრეთვე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების ღია კონკურსის წესით შერჩევა გარანტირებული იქნება, რაც უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის კანონის დოკუმენტთან (Generic Law on Official Statistics, UNECE) შესაბამისობის შენარჩუნებას“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
პარლამენტმა 2026 წლის 4 მარტს მესამე მოსმენით უკვე მიიღო კანონი, რომლითაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა იქნება შესაძლებელი.
დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძეა, რომელიც სამსახურს 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს.
თოდრაძე თანამდებობაზე მეორედ 2022 წლის მაისში დაამტკიცეს და 4-წლიანი ვადა 2026 წლის მაისში ეწურება.