ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას სენატორებმა ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრეს. ქართულ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე შაჰინს არ დააუზუსტებია, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს პრემიერთან, თუმცა „TV პირველის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეხვედრაზე „ივანიშვილის სახელი გაჟღერდა“.
„რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, მისი სახელი გაჟღერდა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას, დარწმუნებული ვარ, ეს ჟღერდება ხოლმე საქართველოსთან დიალოგში და ეს პირადი საუბარი იყო“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე.
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში კი საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა თქვა, რომ ივანიშვილის შესახებ დეოლიგარქიზაციის კონტექსტში ისაუბრეს.
„დიახ, ჩვენ წამოვჭერით ეს საკითხი [დეოლიგარქიზაციის] კონტექსტში, როგორც იმ 12 პირობის ნაწილი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით… ჩვენ განვიხილეთ ამ პირობის მნიშვნელობა და ის ფაქტი, რომ ეს საკითხი მხოლოდ საქართველოში არ წამოჭრილა, ის თავის დროზე წამოიჭრა ასევე უკრაინაშიც, მის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებითაც“, – თქვა სენატორმა „რადიო თავისუფლებასთან“.
სენატორ ჯინ შაჰინის კომენტარს გამოეხმაურა დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესებიდან და მასზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში საუბარი „ფეიქ კამპანიის“ გაგრძელებაა.
„მე არ ვიცი, რა კონტექსტში იყო გაჟღერებული ბიძინა ივანიშვილის სახელი. თუ გაიხსენა ქალბატონმა შაჰინმა, რომ 2012 წელს დემოკრატიული გარდატეხა სწორედ ბატონმა ივანიშვილმა მოუტანა, მას აქვს 3 მილიარდის ქველმოქმედება გაწეული ქართველი ხალხის სასარგებლოდ, მაშინ მისასალმებელია.
თუ დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში იყო გაჟღერებული, მაშინ ეს იმის გაგრძელებაა, რა განცხადებაც გაკეთდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.
როდესაც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, რასაც ამბობენ, მაგალითად, ცნობილი ოდიოზური ევროპარლამენტარები, ეს არის „ფეიქ კამპანიის“ ჩვეულებრივი გაგრძელება. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან და როდესაც ასეთ დროს საუბრობენ ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, ეს უბრალოდ არის თვალში ნაცრის შეყრა საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.