პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების, CPJ, RSF და IPI-ის წარმომადგენლები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით, რუსთავში ქალთა კოლონიასთან მივიდნენ.
„6 თვე გახდა, რაც მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმრობაში და ხვალ ბათუმში მისი მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს აქ არიან გლობალური პრესის თავისუფლების ორგანიზაციები. ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე და დღეს მათი აქ ყოფნა არის მათი სოლიდარობის აქტი მზია ამაღლობელის მიმართ“,- ამბობს თამარ რუხაძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ისინი ბათუმში 14 ივლისს მზია ამარლობელის სასამართლო პროცესს დაესწრებიან.
„ჩემ უკან არის ქალი, რომელსაც წაართვეს თავისუფლება და რომლის ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა… ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მზიას ვუთხრათ – ის არ არის მარტო…
რა საშინელი უსამართლობაა, რომ ამ ჟურნალისტმა, რომელიც თავად არის სინათლის შუქურა, შესაძლოა მხედველობა დაკარგოს. ხოლო პოლიცია, რომელმაც ჩაიდინა ძალადობა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, არანაირი შედეგების წინაშე არ დამდგარა“,- განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა ჯიფსი გილენ კაიზერმა.
ჟურნალიტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს პრესის თავისუფლების გაძლიერებაზე მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია იცავს ჟურნალისტების უფლებას, გააშუქონ ახალი ამბები გააშუქონ უსაფრთხოდ, თავდასხმებისა და ანგარიშწორების შიშის გარეშე.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) არის გლობალური ქსელი, რომელიც მსოფლიოს წამყვან რედაქტორებს, მედიამენეჯერებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. ქსელის მისიაა მედიის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების დაცვა ყველგან, სადაც ეს საფრთხის ქვეშაა.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს მედიის თავისუფლების დასაცავად მსოფლიოს გარშემო. ორგანიზაცია იცავს საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს, ებრძვის ცენზურას, ააშკარავებს მედიის თავისუფლების დარღვევებებს და აძლიერებს ეთიკურ და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას.