პრესმდივნის ცნობით, ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

პუბლიკა

ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის ცნობით ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს.

„ალექსეის ცხედარი დედას გადაეცა. მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ითხოვდა ამას. ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. თუმცა, დაკრძალვა წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელისუფლება მის ჩატარებას ხელს ისე, როგორც ოჯახს სურს, როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, – წერს კირა იარმიში.

ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება”. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი მოკლულია.

ამასთან, ოჯახს ნავალნის ცხედარს ამ დრომდე არ აძლევდნენ. ნავალნის დედის განცხადებით, მას აშანტაჟებდნენ, რათა შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას დასთანხმებოდა.