პრეზიდენტ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ ამ რთულ ბრძოლაში - კობახიძე

პუბლიკა

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და დიფ სთეითი ომს ასე მარტივად არ შეელევიან. კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელი ვამტკიცებდით – აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ოპონენტები, მთელი ამ წლების მანძილზე, მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობდნენ“,- „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების დაძაბულ შეხვედრას და პოსტს აქვეყნებს.

„ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება. რაც უფრო ადრე დასრულდება ომი უკრაინაში, მით უფრო ნაკლები უკრაინელის სიცოცხლე გაიწირება და მით უფრო ადრე დაისადგურებს მშვიდობა, მთლიანად, რეგიონში. პრეზიდენტ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ ამ რთულ ბრძოლაში“,- წერს კობახიძე.

გუშინ, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე გამართულ შეხვედრაზე იკამათეს. ტრამპმა ზელენსკი ამჯერად უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

შეხვედრის გამწვავებამდე ზელენსკიმ თქვა, რომ იმედოვნებს, აშშ-უკრაინის შეთანხმება იქნება „პირველი ნაბიჯი უკრაინის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების უსაფრთხოების რეალური გარანტიებისკენ“. რადგან ზელენსკი იმედოვნებს, რომ ის მოიცავს როგორც აშშ-ის, ასევე ევროპის მხარდაჭერას.

ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ არ წასულიყო „არავითარი კომპრომისზე მკვლელთან“ გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ის ან დადებდა შეთანხმებას ან აშშ „გავიდოდა“. მანამდე ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ პუტინს ესაუბრა „რამდენიმე დღის წინ“ და დასძინა, რომ მიაჩნია, რუსეთის პრეზიდენტს შეთანხმების დადება სურს.