„პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს ჩემზე არაფერი სთხოვოთ“ - გვარამიას საბოლოო სიტყვა პროცესზე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე „რუსთავი 2-ის“ საქმეზე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

საქმეზე ბრალდებულები არიან ნიკა გვარამია, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახა დამენია და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილი.

დასკვნით პროცესზე ნიკა გვარამიამ ბოლო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

ვრცელ გამოსვლაში ნიკა გვარამიამ ხაზი გაუსვა რომ მისი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქმის სამართლებრივ ნაწილზე მცირე რეპლიკის შემდეგ გვარამიამ ოჯახის წევრებს, „მთავარი არხის“ თანამშრომლებს, მოსამართლეს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. დარწმუნებული ვარ, და ისინიც დარწმუნებულები არიან, ვისაც ვუყვარვარ ან არ ვუყვარვარ, ვისაც ვძულვარ ან უნდა, რომ ციხეში ვიჯდე, ისინიც კი, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული.

…მინდა მივმართო რამდენიმე ადამიანს, პირველ რიგში მინდა მივმართო ჩემ ოჯახს, აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, […] მინდა მათ ვუთხრა, რაც უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში ეს ნერვიულობად არ ღირს. სოფო, შენ კარგად იცი, ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ნიკა გვარამია ციხეში. […] არავის არაფერი არ სთხოვო, ჩემი მეგობრები ისედაც გვერდში დაგიდგებიან…

აქ არის ჩემი მეორე ოჯახი, ტელევიზია, რომელიც შევქმენი არა ნულიდან, არამედ მინუსებიდან. ყველას ყველაფერი თხოვეთ, მთავარია, ფეხზე იდგეთ. დაიმახსოვრეთ, ამ ქვეყნის ბედი ჰკიდია თქვენზე  მნიშვნელოვან წილად. […]

მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, დაეხმარეთ ჩემ დიდ ოჯახს, ტელევიზიას, არანაირი სხვა თხოვნა არ მაქვს, ახლა ჩვენ ძალიან გვიჭირს, ჩემი ტელევიზიაში არ ყოფნა ამ პრობლემას გაამწვავებს, ამიტომ გთხოვთ, დაეხმარეთ ტელევიზიას, რომელიც დაიხურება, თუ ეს არ მოხდა. ყველას ვთხოვ, ყველა ბიზნესმენს, ყველა ქართველს, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია.

მინდა, ყველას მივმართო, არასდროს, არავის, ჩემთან დაკავშირებული არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს, კატეგორიულად მოვითხოვ. ამას თუ გააკეთებთ, ეს იქნება ჩემი დამცირება და თავისუფლებაზე გამოსვლა კი არა, მონობაში გამოსვლა. არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს; რამეთუ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ჩვენ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ, ქართველ პატრიოტს მისგან არაფერი სჭირდება; რამეთუ ადამიანი, რომელიც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებლის, მესამე პრეზიდენტის სიკვდილს უყურებს და ამბობს „არა და არასდროს“, ყველას მოგიწოდებთ, მისი მიმართულებით სიტყვა არ დაიძრას! არა და არასდროს მისივე ციტირებით.

[…] კეთილსინდისიერება და წესიერება ჩემთვის მნიშვნელოვანია. უკვე მეორედ აღძრა ბიძინა ივანიშვილმა ჩემ წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება. […] პირველ საქმეზე, რომელშიც გავმართლდი, რამდენიმე დღე ვიყავი აღკვეთი ღონისძიების ქვეშ და მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი ივანიშვილის გამწარებას. ახლა ვეუბნები, სადაც უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ.

მინდა გთხოვოთ თქვენ, აქ სხედან სხვა ადამიანებიც ბრალდებულების სკამზე, ჩემთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე არ გამოვიდა. ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით.

თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ პატიმრობის არ მისჯის შემთხვევაში ჯარიმა შემამსუბუქებელი იქნება, ან ბიძინა ივანიშვილს ეს გადარჩენს ან სანქციებისგან ან ჩემი უმოწყალო შურისძიებისგან, პერსონალურად მას ვგულისხმობ და მე არ ვარ შურისმაძიებელი ადამიანი, ძალიან შემცდარა. იდენტურად მივიღებ პატიმრობასაც და ჯარიმასაც. […] ნებისმიერი ჯარიმა მე მაკარგვინებს თავისუფლებას, მაკარგვინებს პროფესიას, რომელსაც ჰქვია ადვოკატობა. მაკარგვინებს მომავალს, თუ გადავწყვეტ, რომ გავყვე ამ გზას და გადავწყვეტ, სულ ტელევიზიაში ვერ ვიქნები; მაკარგვინებს სააკაშვილთან ვიზიტების უფლებას. 

თუ უდანაშაულო ნიკა გვარამიას გამართლებას არ აპირებთ, თქვენთვისვე ჯობს ნიკა გვარამია იყოს შიგნით, ამას პირველ რიგში ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს.

მე ვარ თავისუფალი ადამიანი, ვიბრძვი ყველას თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის, მე ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. […] თქვენც მოგიწოდებთ, იყოთ სამართლიანი“, – მიმართა გვარამიამ სასამართლოს.


ნიკა გვარამიას და კიდევ ორ პირს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინათ.

გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.