ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი კოშტას ბაქოში ვიზიტის შემდეგ ავრცელებენ.
განცხადების მიხედვით, ევროკავშირი და აზერბაიჯანი აძლიერებენ თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, რეგიონული სტაბილურობისა და „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით; მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთთან მშვიდობის დამყარების ისტორიულ შანსს და ყარაბაღის რეგიონის ნაღმებისგან გაწმენდისა და აღდგენის პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერას;
ანტონიო კოშტა და ილჰამ ალიევი ერთმანეთს აზერბაიჯანში 11 მარტს შეხვდნენ.
„ხაზგასმით აღნიშნეს რა ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, პრეზიდენტებმა გამოხატეს მზადყოფნა პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ, ბოლო პერიოდის მაღალი დონის შეხვედრების პოზიტიურ იმპულსზე დაყრდნობით, მათ შორის უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნული თანამშრომლობა ასახავს ორივე მხარის საერთო ინტერესებს და ხელს უწყობს მშვიდობის, სტაბილურობის, კავშირგაბმულობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.
მათ დაადასტურეს, რომ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, თანასწორობას და ორმხრივ სარგებელს, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით, მათ შორის სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით.
პრეზიდენტებმა დაადასტურეს ერთგულება ახალ ყოვლისმომცველ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების სწრაფად დასრულების მიმართ, რაც შექმნის მყარ სამართლებრივ საფუძველს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
პრეზიდენტები მიესალმნენ აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესში არსებულ ისტორიულ იმპულსს და 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი დიალოგის გზით მდგრადი მშვიდობის მიღწევის მცდელობებისადმი.
ასევე, ხაზი გაესვა აზერბაიჯანის მასშტაბურ ძალისხმევას ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონების პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციისა და განვითარების მიმართულებით. მხარეებმა მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ, განსაკუთრებით ნაღმებისგან გაწმენდის კუთხით, სადაც ევროკავშირი წამყვანი დონორია.
ხაზი გაესვა აზერბაიჯანის საკვანძო როლს რეგიონულ კავშირგაბმულობაში, განსაკუთრებით შუა დერეფნის (Middle Corridor) მეშვეობით. ევროკავშირმა დაადასტურა მზადყოფნა ითანამშრომლოს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში რკინიგზის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით.
დადასტურდა აზერბაიჯანის, როგორც ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საიმედო პარტნიორის როლი. მხარეებმა განიხილეს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაფართოება და მწვანე ენერგიის პროექტები, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.
პრეზიდენტებმა მაღალი შეფასება მისცეს COP29-ის შედეგებს და განიხილეს 2026 წლის მაისში დაგეგმილი მსოფლიო ურბანული ფორუმის (WUF13)მნიშვნელობა, რომელსაც აზერბაიჯანი უმასპინძლებს.
პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაძლიერებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ისეთი საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი და არალეგალური მიგრაცია. ასევე, აღინიშნა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინოვაციების მნიშვნელობა ეკონომიკური მედეგობისთვის.
დასასრულს, ლიდერებმა განიხილეს მიმდინარე გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის ირანსა და უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენები“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.