სალომე ზურაბიშვილი 13 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში დიპლომატებს უმასპინძლებს. ელჩებს ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც 15 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
პრეზიდენტი მათ გადასცემს ხელომოწერებს, რომლებიც კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვდა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ორბელიანების სასახლეში 13 დეკემბერს მიიწვია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან, ყოველშემთხვევაში ამისი იმედი მაქვს, იმიტომ რომ არიან მოწვეულები, ყველა ხელისუფლების მონაწილეები, პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტები… დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი. ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საქართველოს გზაში ევროპისკენ, ეს არის ის კონსენსუსი, დეპილარიზაცია, ერთობა, რაც გვჭირდება ევროპოსკენ წარმატებული გზისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ჯადოსნური ჯოხით უცებ ყველა ერთ აზრზე შეჯერდება, არა, ეს არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს იმ დონეზე პატივი ვცეთ, რომ ჩვენ ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ, რომელიც მთელისაზოგადოების მიერაა გაზიარებული, ერთმანეთს კიარ შევეჯიბროთ, ვინ მეტი გააკეთა, ვინ ნაკლები, მაგრამ ცოტახნით გავჩუმდეთ და შევირგოთ ის, რაც ალბათ, იქნება დადებითი გადაწყვეტილება… ეს არის ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ხელმოწერების კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას” ზურაბიშვილის ინიციატივით ხორციელდება. ზურაბიშვილმა ხელმოწერებისთვის ორბელიანების სასახლის კარი მოქალაქეებს 8 ნოემბერს გაუხსნა.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება. მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად, საქართველოს და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა”. – წერია ტექსტში.