„არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ რიგში არ ჩაწერილიყო“ - პრეზიდენტი „ოცნებას“

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 14 ივნისს, ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე იტალიასა და ბრიუსელში თავისი ვიზიტი შეაჯამა.

მისი თქმით, ბრიუსელში „დამძიმებული სურათი დახვდა“, რის გამოც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობასაც გეგმავდა, შედგა ზეპირი კონტაქტი ხელისუფლებასთან, თუმცა ვიზიტები ვერ განხორციელდა.

„ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლელს ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო მნიშვნეკოვანი ეტაპი, მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ქვია, რომ ერთი წლის შემდეგ საქართველო მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას.

გაფუჭებული საქმე გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით. პირველი არის ევროპარლამენტის რეზულუცია, ყველაზე ნათლად გამოჩნდა ისეთ ნაწილში, რომელიც აპელირებს ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი ფაქტობირვი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც მონაწილეობდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში.

ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნებისთვის, მთავრობას კი ის რაც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე გადაწყვეტილების დაანონსება.

საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში. ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა, რადიკალური ოპოზიციის მუშაობის და ხელისუფლების არმუშაობის შედეგია. არ არის გადაწყვეტილება ან მზაობა ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომცდა რამე ფორმით უკვე იყოს დაწესებული ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც მუშაობა ევალებოდა და ვინც არ ეცადა, რომ ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის თავიდან აეცილებინათ. ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადბებეით, მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვსაუბრობ. დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, ჩემზე  გადმობრალება, ვითომ დავსვი ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საკითხს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განხილვაში საქართველოს უკან დახევის საკითხზე პასუხისმგებლობაც ხელისუფლებას და ნაწილობრივ ოპოზიციას დააკისრა.

ერთ-ერთ მიზეზად მან „მიშელის დოკუმენტის“ ანულირება, 5 ივლისის საქმეზე არაქმედითი გადაწყვეტილებების მიღება, 75-მილიონიან სესხზე ევროკავშირიდან უარის თქმა, გენპროკურორის არჩევის ახალი წესზე უარის თქმა, მოსმენები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შეცვლა, ასევე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება, გვარამიას „უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება“  და მოსმენების კანონში ცვლილებები დაასახელა.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ ნაბიჯებს ისე დგამს, რომ ევროკავშირის რეაქციას მნიშვნელობას არ ანიჭებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ქმედებებთან ერთად „არ დაგვაკლდა უმოქმედობა“, მთავრობას არ განუხორციელებია ევროპაში და აშშ-შო ვიზიტები, ასევე შემცირდა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები.

„ამავე დროს, ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა, ესენი იყვნენ ტრადიციულად ჩვენი მთავარი მოკავშირეები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, პოლონეთი, უკრაინა. თვითონ შარლ მიშელი, რომელიც სამჯერ ჩამოვიდა და გვევლინებოდა ინსტიტუციურ მხარდამჭრად.

ასევე გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა, ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი და დღეს კიდევ ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას და როგორ ავხდით, მაგრამ, ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მე მგონი“, – ამბობს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ გააჩინა შეკითხვის ნიშნებიც უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებების და სანქციების მიმართ მიდგომის და რიტორიკის გამო.

„თან შევუერთდით, ვიცით, რომ შეერთებული ვართ და თან ვამბობთ, რომ არ ვართ და ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს, ვისთვისაც ამ სანქციების ფასი მძიმეა და ვაფასებთ უარყოფითად სანქციებს და ვეუბნებით, უშედეგო იქნებაო. წარმოგვიდგენია, ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს. ამ დროს ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს პირდაპირ, რომ მაქსიმალურად შევიერთდეთ საგარეო გადაწუვეტილებებს.

ასევე ამ კითხვების გაჩენის კუთხით მოჰყვება შექმნილი, მოგონილი თემა მეორე ფრონტისა.

არც ერთი ჩვენი პარტნიორი არსად არც ერთხელ არასოდეს არანაირი მოწოდება არ ყოფილა, სად ხართ, რატომ არაა მეორე ფრონტი, რას აპირებთ, მოდით, მიიღეთ მონაწილეობა, ეს არ არსებობს, არის მოგონილი, ტყუილი და ვამბობ სრული პასუხისმგებლობით.

ერთადერთი, მეორე ფრონტი გაისმა უკრაინის რაღაც წრეებიდან, სადაც არის რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ომში მყოფ უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს რაღაც მომენტში იმისი მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი. ამაზე არ უნდა ვუპასუხოთ, პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ. მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს. რამეთუ ჩვენ არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ვცადოთ ომის გადავწყვიტოთ ის, რაც გვინდა შერიგებით ან გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში. არ არის ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი. მოსახლეობას ვუთხრათ რომ შენი არჩევანია: ან მოგივიდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოთხოვო, ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი და საფრთხე. გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია, ნებისმიერ შეკითხვაში ასე რომ იყოს დასმული კითხვა ყველა უპასუხებს – არ მინდა ომი, ვის უნდა? უკრაინელებს უნდოდათ?“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მეორე ფრონტზე რიტორიკა „შიდა მოხმარებისთვისაა გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ ბედზე და უსაფრთხოებაზე იფიქროს“.

„ან კიდევ სხვა ახსნა აქვს ამას, მაგრამ მირჩევნია არ გავყვე ამ აზრებს, ეს ხომ არაა იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ, გავუგოროთ. არ ვპასუხობ ამ კითხვას და არ უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, ევროპელ პარტნიორებში გაღიზიანებას იწვევს შეკითხვა – სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა?

მისი თქმით, შეგვეძლო, გაგვეკეთებინა იგივე, რაც გააკეთა მოლდოვამ.

„ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არც მათგან და არც ჩვენგან, ესეც უნდა ითქვას. არც ომში ჩართვა მოუთხოვია არც მოლდოვისგან და არც ჩვენგან, მაგრამ მოლდოვამ შეძლო ის, რაც ჩვენ, როგორც ჩანს, გვიჭირს – შეძლო გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. ეს არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია. ეს ყველაფერი ცხადია კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის შესახებ. ამ ყველაფერმა ძალიან მოკლე დროში, რამდენიმე თვეში მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს. არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცავენ და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ – მაგალითად, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა ყველა ამ საკითხში, თუნდაც ომის დროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არსებობს იზოლაციის საფრთხე, რომელიც იმაზე დიდი და რეალურია, ვიდრე მეორე ფრონტის მითი.

„იზოლაციის საფრთხე ჩნდება. იზოლაციისა, რომელიც ჩვენ მიერაა შექმნილი და რომელიც ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ შექმნილი მითი. ოპოზიციამ, უფრო სწორად მისმა რადიკალურმა ფრთამ, ცხადია, დამაზიანებელი როლი ითამაშა, მაგრამ ასევე გვყავს კონსტრუქციული და პროევროპული ოპოზიცია. ამ საკითხში რაც არ უნდა მძაფრი, უსამართლო და დესტრუქციული ყოფილიყო ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, ბრიუსელში, პასუხისმგებლობა დღევანდელ სიტუაციაზე არის ხელისუფლებაზე და ამას ვერავის ვერ გადაუნაწილებს, რამეთუ ხელისუფლება ერთია.

ეს საკმაოდ მძიმე სურათია. მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი.

რეზოლუცია, რაზეც ამდენი დაიწერა, მძაფრ კრიტიკასთან ერთად ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება. რეზოლუცია გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს მისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, – განაცხადა მან.