პრეზიდენტი ამბობს, რომ არ მიეცა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შესაძლებლობა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არ მიეცა საშუალება შეხვედროდა ნიკოლ ფაშინიანს.

„საქართველს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ” – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგ რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს, ეკონომიკის ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგიშარვაშიძე დახვდნენ.