პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.

მათი ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნებასა და სათქმელს გამოხატავს.

პრეზიდენტის პოზიციით, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რადგან ის 30 წლის განმავლობაში, სწორედ ევროპულ ღირებულებებს ემსახურება.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას.

საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომელმაც არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა საქართველოზე აგრესია, არამედ უკვე მეორე საუკუნეა ამას მიმართავს.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.