პრეზიდენტი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს, ან ერთი ნაბიჯი აშორებს - „ხალხის ძალა“

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ ვრცელ ანტიამერიკულ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზეა საუბარი.

განცხადებაში გამოთქმულია კონსპირაციული ეჭვი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს“.

განცხადების მიხედვით, რამდენიმე დღის წინ „საელჩოს რესურსმა“ ანუ „მათ მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო სექტორმა“ პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართა, რაც იმას მიანიშნებს, რომ „საელჩო გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებს ნიადაგს“.

„როგორც ჩანს, ისინი გარკვეულ ფორმალობებს იცავენ და სალომე ზურაბიშვილისთვისაც სახის თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნებას ცდილობენ. უნდათ საქმე ისე გააფორმონ, რომ ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უარი ვერ უთხრა და გვარამია ამიტომ შეიწყალა“, – წერია განცხადებაში.

მოძრაობისთვის შემაშფოთებელია, რომ, მათი სიტყვებით: „ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ“.

„ხალხის ძალა“ წერს, რომ საელჩომ ევროსტრუქტურებს წამოაწევინა ივანიშვილის სანქცირების და გვარამიას შეწყალების საკითხი.

მათივე თქმით, ივანიშვილი აშშ-სთვის მიუღებელი მას შემდეგ გახდა, რაც „ის საელჩოს მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს დაემშვიდობა.“

განცხადება მედიასაც ეხება, კერძოდ, მათი თქმით „მთავარი არხი“ და სხვა ოპოზიციური მედიები „სიცრუისა და რადიკალიზმის მთავარი წყაროა. სიცრუე და რადიკალიზმი კი არის ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებითაც საელჩომ „ქართული ოცნება“ აგენტურით შეიძლება ჩაანაცვლოს“.

განცხადების მიხედვით, საელჩო მუშაობს სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზეც.

„ენჯეოების, ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების აქტიურობა ამის მკაფიო დასტურია. ამის მიღმაც, ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვების მოწოდებით ისინი უკვე, პრაქტიკულად, ყველა კაბინეტს სტუმრობდნენ. საზოგადოების რეაქციის ეშინიათ და სააკაშვილის განთავისუფლებაზე საჯაროდ საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ვიცით, რომ ელჩით დაწყებული, ვაშინგტონიდან ჩამოსული სტუმრებით დამთავრებული, სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება ხელისუფლებისგან უკვე ყველამ ითხოვა.

სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე საელჩოს ფავორიტად რომ იქცა, საზოგადოებისთვის ესეც კარგად არის ცნობილი. სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც პირველი სამი წლის მანძილზე ერთი წესიერი ვიზიტი და საერთაშორისო მედიაში ერთი წესიერი გამოჩენაც კი არ ღირსებია, მას შემდეგ ნებისმიერი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების კარი ღიაა“, – წერია განცხადებაში.

„ხალხის ძალა“ წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში „სალომე ზურაბიშვილი არ იყო საელჩოდან მართული და ამ თვალსაზრისით, მის კანდიდატურაზე არჩევანი სწორად შეჩერდა.“

„სამი წლის თავზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ შეცვალეს და პოზიციების გასამყარებლად ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება დასჭირდათ, საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა და მიზანს ადვილადაც მიაღწია. როგორც ჩანს, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული როლი დედობრივმა ინსტიქტმა შეასრულა და მან ორივე შვილის ნახტომისებური სამსახურებრივი დაწინაურების ცდუნებას ვერ გაუძლო.

ბუნებრივია, მის გადაწყვეტილებაში უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრისა და ფართო საერთაშორისო მედიაგაშუქების ცდუნებაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა.

საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს. სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში. გვინდა თუნდაც მცირე იმედი დავიტოვოთ, რომ სალომე ზურაბიშვილში მისი დიდი წინაპრების გენები გაიღვიძებს და ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ასე უხეშად არ დაუპირისპირდება“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ ანტიამერიკულ, კონსპირაციულ განცხადებაში.