პრეზიდენტი: ანსამბლი ,,ფესვები“ გზიდან გააბრუნეს. თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა ეს მითითება

პუბლიკა

ორბელიანების სასახლეში დღეს მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

სწორედ ამ მიმართვის დროს მან  აღნიშნა, რომ ანსამბლი ,,ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს.

„ერთი რამ უნდა ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი ,,ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა. თქვენ თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რას ჰქვია.

სამწუხაროა, მე მინდა მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო, იმისთვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი – „მარგალიტი“ და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო  გვექნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.