პრეზიდენტი: არ ვაღიარებ ამ არჩევნებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და არჩევნებზე დამკვირვებლებთან კონსულტაციების შემდეგ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მოსახლეობას ხვალ, 28 ოქტომბერს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილის გვერდით ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იდგნენ.

„ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში, ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება გამოიყენო არჩევნების გასაყალბებლად. პლუს დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია იყო გამოყენებული, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება.

ჩვენ ვიყავით რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი, ჰიბრიდული ომის ახალი ფორმით, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე.

რამდენიმე თვის წინ მიღებული იქნა ამ ხელისუფლების მიერ, რომელსაც ახლა დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას, რუსული კანონი, ამის შემდეგ კიდევ ბევრი სხვადასხვა რუსული კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ევრორეკომენდაციებს და ჩვენს ევროპულ მომავალს გვიხერგავს.

დღეს, არჩევნების დროს, წაგვართვეს არჩევანის უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი. ამ არჩევნების მერე ძნელი წარმოსადგენია, როგორი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში, თუ არაფერი შეიცვალა. წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება. ჩვენს მოქალაქეებს წაართვეს, წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სხვადასხვა ფორმით და წაართვეს ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

დაარღვიეს მათი კონსტიტუციური უფლება, იმით რომ არ გაიხსნა უბნები, გამოიყენეს სხვადასხვა ხერხი და ფორმა, 100 ათასმა ემიგრანტმა ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ დარეგისტრირებულიყო, როცა ადრე ცოტა მონაწილეობდა არჩევნებში. ამის მიუხედავად მხოლოდ 33 ათასმა მოახერხა ხმის მიცემა.

ეს ადამიანები თუ იბრძოდნენ იმისთვის, რომ ეს უფლება მოეპოვებინათ, თუ გადალახეს 20 ათასი მილი ამერიკაში, ბევრი წინააღმდეგობა ევროპის ქალაქებში, ეს არ იყო იმისთვის, რომ ხმა არ მიეცათ, იქაც რაღაც მოხდა, რაც იქნება გამოსაკვლევი.

მე მადლობელი ვარ უცხოელი პარტნიორების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, რომელთაც აღრიცხეს ყველა დარღვევა და არ დაიხიეს უკან, რომ ჩამოეწერათ ის, რაც მოხდა აქ.

ეს არაა საკმარისი. მე მინდა დღეს აქ ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის. რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების.

მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას არ შევეგუებით ჩვენი მომავალი თაობებისთვის, არ შეიძლება, ვინმემ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი.

რადგანაც მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობას და მინდა, მივმართო მათ და ვუთხრა, რომ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ  ვაღიარებთ რუსეთის შემოსვლას და ახალი ფორმით დაპყრობას.

ჩვენ დავდგებით ერთად, ჩემთან ერთად და მე მათთან ერთად არიან პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს და ქარტიას, მათთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ, 19:00-ზე რუსთაველზე, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, ერთმანეთს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა და ჩვენი მომავალი და საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ამ უფლებას არავის დავუთმობთ, ესაა ჩვენი და ესაა თქვენი, ჩვენ ამას ხვალ ერთად ვიტყვით, ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა, რომ მსოფლიოს გამოვუცხადოთ.

მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მადლობლები ვართ განცხადებებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვარგარეთ, რომ საქართველოს დაცვა, მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება.

ამით ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას. მხოლოდ შეგიძლიათ მოსახლეობა რომ დაიცვათ, მოსახლეობის უფლებები, დემოკრატიული უფლებები ამ ქვეყანაში და როგორც თქვენ დაიცავით საქართველო, როცა ამ ხელისუფლებას უნდოდა და მიიღო რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების მერე უნდა დაგვიდგეთ ჩვენ, საზოგადოებას გვერდით, ეს არჩევნები არაა ლეგიტიმური და ვერაფერი გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.