სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ,,ჩემმა ხმამ”, საიამ და ,,სამართლიანმა არჩევნებმა” დამკვირვებლების და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო შეხვედრა მოაწყო. დამკვირვებლები პრეზიდენტს არჩევნების დღეს აღმოჩენილ დარღვევებზე ესაუბრებიან.
„მინდა თქვენ ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. რეალურად თქვენ იყავით ამ ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ჩვენს ხმებს. ახალი მტკიცებულებები ნამდვილად არ არის საჭირო, ყველამ ვიცით, ვნახეთ, ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები დაირღვა ამ არჩევნებში და არ შედგა არჩევნები, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია ადამიანური, პირველადი მტკიცებულება, რაც თქვენ ნახეთ, რაც დაწერეთ, რაც ვერ დაწერეთ, მაგრამ შეინახეთ და ეს მეხსიერება მნიშვნელოვანია.
ვინმე თუ გადახედავს ამ დარბაზს, დარწმუნდება, რომ ამდენი სხვადასხვა გამოცდილება საფუძველს უქმნის მტკიცებულებებს, რაც გვაქვს პირველი დღიდან. თქვენ ხართ ცოცხალი მოწმეები, რომლებიც არსად არ წავლენ და რომელიც დარჩება, როგორც მტკიცებულება, ყველაზე მთავარი. თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება, შედგება ახალი არჩევნები, როდის და როგორ, ვერ ვიტყვით, მაგრამ შედგება ეს არჩევნები, რადგან ამას არავინ შეეგუება და თქვენი გამოცდილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ხვალინდელ არჩევნებში ყველაზე კარგად დაიცავთ ჩვენს ხმებს. ძალიან ბევრი რამეა, ჩვენ ვერ დავინახეთ, ვერ ვნახეთ, წინასწარ არ დავაზღვიეთ, იმიტომ რომ ალბათ ვიყავით ნამეტანი თვითდაჯერებულები, ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ. ყველაფერს სჭირდება თავისი გამოცდილება და თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელია. მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ ჩემი პირადი სახელით, მაგრამ ჩემი პირადი სახელი, სანამ რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, არის ასევე საზოგადოების სახელით და ამ ქვეყნის სახელით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.