„პრეზიდენტი არღვევს მოქალაქეობის შესახებ კანონს”- იურისტის განმარტება

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. თქვა, რომ ამ ეტაპზე მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა არ მიაჩნია მიზანშეწონილად.

idfi-ს მთავარი იურისტი, გიორგი დავითური „პუბლიკას” ეუბნება, რომ ამ გადაწყვეტილებით, ზურაბიშვილი არღვევს მოქალაქეობის შესახებ კანონს.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ფარცხალაძე გახდა რუსეთის მოქალაქე, მან ავტომატურად კანონის მიხედვით, დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, რაც ახლა პრეზიდენტს ფორმალურად უნდა გაეფორმებინა.

„პრეზიდენტი ვალდებული იყო ფორმალურად გაეფორმებინა ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ფაქტი. პრეზიდენტის გადაწყვეტილება იწვევს სამართლებრივ ნონსესს… ფარცხალაძეს კანონის მიხედვით საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს და ფორმალურად პრეზიდენტი ამას არ აფორმებს”, – ამბობს იურისტი. 

სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტა ახსნა იმით, რომ „თუკი ის დასასჯელია, უნდა დაისაჯოს ისე, როგორც საქართველოს მოქალაქე”.

იურისტი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ხელს არ შეუშლიდა მის გასამართლებას, „მითუმტეს, ჯაშუში რომ დასაჯო საერთოდ არ არის აუციელებელი იყოს საქართველოს მოქალაქე”, – თქვა მან.

ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია იუსტიციის სამინისტრომ, შესაბამისი დასკვნა გადაუგზავნა პრეზიდენტს, რომელზეც ზურაბიშვილი ამბობდა, რომ „დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა”, თუმცა სამი დღის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.