პრეზიდენტი: ასეთ კანონმდებლობას პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი „უცხოური გავლენის აგენტის” კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს.

„სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.

და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.” – წერს პრეზიდენტი.

დღეს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.


საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ.

კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ.

ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება.

ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.

ვენეციის კომისიის განმარტებით, „უცხოური აგენტის“ ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია.