ოპოზიციური პარტიების ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილთან იმყოფებოდა ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური ცენტრის წარმომადგენელი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა მედიასთან თქვეს, რომ ისაუბრეს პრეზიდენტთან ისაუბრეს მათ გეგმებზე, საერთაშორისო გამოძიებაზე, საარჩევნო დარღვევების ანგარიშებზე.
„პრეზიდენტის ინიციატივებს ჩვენ არ ვიხილავდით, საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ამ ქვეყანაში, როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები და რა გეგმები გვაქვს, ხომ არ შეცვლილა ეს გეგმები და ასე შემდეგ. სინმადვილეში ცხადია, ეს გეგმები არ შეცვლილა, ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, როგორც ლეგალურ გზებს, სასამართლოებს და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსაც, სავარაუდოდ, ასევე გამოვიყენებთ კონსტიტუციითა და კონვენციებით ნებადართულ გზას სახალხო დემოკრატიისა, რომელსაც მარტივად ჰქვია ქუჩა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ეს იცის მსოფლიოში ყველამ. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო შესწავლა ამ არჩევნების აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ, ყველას შევახსენებ, მეოთხე პუნქტი ჩვენი ბოლო რეკომენდაციებისა ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რამდენად იყო ეს არჩევნები შესაბამისობაში ამ დათქმასთან, ეს ისედაც ცხადი და გასაგებია, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებითაც ამას გავამაგრებთ. ახალი არჩევნები იქნება“, – თქვა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავას თქმით, პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს პროკურატურასთან თანამშრომლობას.
„ბუნებრივია, საუბარი იყო საერთაშორისო გამოძიებაზე. იცით, რომ ჩვენი მოთხოვნა სწორედ ეს არის. პრეზიდენტმაც ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს ივანიშვილის პროკურატურასთან თანამშრომლობას. [….] მიგვაჩნია, ამ ტოტალური გაყალბების გამოძიება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტს ასევე აქვს ეს პოზიცია და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება მისი მიმართვაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის, თუ ის ამას ჩათვლის საჭიროდ, რადგან ის არის ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი. პრეზიდენტს ასევე ვესაუბრეთ იმ დარღვევების ანგარიშზე, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად შეადგინა, რომლის გაგზავნასაც ასევე ვაპირებთ ევროსტრუქტურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორებთან“, – თქვა ბოკუჩავამ.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილეს, რასთან დაკავშირებითაც პარტიები შეთანხმებულად იმოქმედებენ.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს საუბარი შეეხო თუ რა პერსპექტივა აქვს საერთაშორისო გამოძიებას.
„ახლა ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით დიპლომატიური მიმართულებით. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებულია, ადევნებს თვალყურს აქ რა ხდება. ევროკავშირის ქვეყნებს ახლაც ბუდაპეშტშიც, ამის შემდეგაც, სჭირდებათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს პარლამენტი რჩება აუღიარებელი ამ ეტაპზე, მარტო ათ ქვეყანას და ისიც რა ქვეყნებს აქვს აღიარებული ეს პარლამენტი, შემდეგი პარლამენტი, ცხადი არის“. – თქვა დოლიძემ.
„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ პრეზიდენტს უნიკალური როლი აქვს, რომ საზოგადოების განწყობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორისო პარტნიორებს და საერთაშორისო და ადგილობრივი განწყობების თანხვედრა მოხდეს.